სასამართლომ. მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა-დღევანდელ სხდომას თავად “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელიც ესწრებოდა

ბათუმის საქალაქო სასასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილება 4 მარტს წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, რომელიც 2.5 თვეა, მოსამართლედ არის დანიშნული.
ამაღლობელის ადვოკატებმა დღეს მოითხოვეს, მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გაუქმებულიყო – ამაღლობელი გაეთავისუფლებინათ.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ კვლავ ძალაშია „საფრთხე“, მზია ამაღლობელმა „ჩაიდინოს ახალი დანაშაული“, „მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს“ და ამიტომ უნდა დარჩეს ის პატიმრობაში.
ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ამ მტკიცებების დასასაბუთებლად.
თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში დამსწრეთა პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.
საქმეზე მორიგი პროცესი 18 მარტს ჩაინიშნა.
მანამდე, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის კლნიკა “ვივამედშიც” ჰყავდათ გადაყვანილი. მოგვიანებით, საზოგადოების მრავალი მცდელობისა და თხოვნის შემდეგ, ჟურნალისტმა შიმშილობა შეწყვიტა და თავისივე სურვილით ის იზოლატორში დააბრუნეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 თებერვალს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
.
რა ხდებოდა განხილვისას
სასამართლო სხდომა, შესვენების ჩათვლით, 7 საათი გაგრძელდა.
სასამართლომ არ დაუშვა დაცვის მხარის შუამდგომლობები ამაღლობელის დაკავებისას გადაღებული ვიდეოების დაშვებასთან შესახებ, პროკურატურის შუამდგომლობები კი დასაშვებად ცნო.
„მოიტანეს საქმე, სადაც 7 პოლიციელის გარდა არცერთი ჩვენება არ არის და ისიც კი არ უნდათ, დაასაბუთონ, აღკვეთი ღონისძიება რატომ უნდა იქნას გამოყენებული“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.
მან პროკურორებს მოუწოდა, კონკრეტულად დაასაბუთონ, რატომ მიაჩნიათ, რომ „მიმავლის საფრთხე“ არსებობს, თუმცა უშედეგოდ.
ერთ ეპიზოდში მოსამართლემ სიტყვა გააწყვეტინა ადვოკატ მაია მწარიაშვილს და თქვა, რომ ის „აგრესიულ ტონს“ იყენებდა, რაზეც მწარიაშვილმა თქვა, რომ უფლება აქვს, თავად შეარჩიოს ტონი.
დარბაზიდან ამაღლობელის კოლეგამ, ზვიად ქორიძემ მოსამართლეს ხმამაღლა მიმართა: „მოუსმინეთ ადვოკატს“!
ამის გამო ზვიად ქორიძეს შენიშვნა გამოუცხადა.
„თავდასხმას გეგმავდა“
დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს ედავებიან, თითქოს ის „პოლიციელზე თავდასხმას“ გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით“.
როგორც ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის სიტყვიდან გაირკვა, 15 თებერვალს გურიის პოლიციის თანამშრომელმა პოლიციელმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მზია ამაღლობელს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი პოლიციელზე თავდასხმა.
მისი პატაკის თანახმად, – თქვა ქათამაძემ, – ამაღლობელი მობილურით „კომუნიცირებდა“ პოლიციისათვის „დაუდგენელ პირებთან“, ამ კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ ინახება ამაღლობელის მობილურში და ამიტომ მოითხოვა ტელეფონზე წვდომა პროკურატურამ.
თუმცა ადვოკატების განცხადებით, ამ დაშვებას რეალობაში საფუძველი არ გააჩნია, ვერ საბუთდება და, სინამდვილეში, შესაძლოა, პროკურატურას მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა სურდეს მისი სამსახურებრივი სენსიტიური და პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლად.