მოსამართლემ 11 დემონსტრანტის საქმეზე სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა ნაწილობრივ დახურა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ბრალდებული, ჯანო არჩაია გააძევა სხდომის დარბაზიდან. ამის შემდეგ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, შეუძლოდ გახდა ჯანო არჩაიას ცოლი.
სხვა რეჟიმის პატიმრებმა ჯანო არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს, სიტყვით ისარგებლეს და პროკურორებს მიმართეს რის შემდეგაც პროცესი ხმაურით გაგრძელდა და მოსამართლემ ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და დამსწრე მოქალაქეებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. სხდომაზე დარჩენის უფლება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.
პროცესის განახლების შემდეგ ბრალდებულებმა სიტყვა მოითხოვეს, მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს გაძევებული ჯანო არჩაიას მიმართ, ასევე მოსამართლეს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ დაებრუნებიდა იგი სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც უარი თქვეს, ბოლომდე დასწრებოდნენ სასამართლო პროცესს.
მათ ამ განცხადებას ტაშით შეხვდა დამსწრე აუდიტორია, საპასუხოდ კი მოსამართლე შვანგირაძემ თქვა, რომ იგი ნაწილობრივ ხურავს სხდომას.
სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი ადამიანების პროტესტი და ხმაური მოჰყვა. მანდატურებმა მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს არამხოლოდ სასამართლო სხდომის დარბაზი, არამედ შენობა. ბრალდებულების მხარდამჭერები, ოჯახის წევრები და მეგობრები ახლა უკვე სასამართლოს ეზოში ელოდებიან მოსამართლის გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა მათ პატიმრობაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას გეშინოდეთ ღმერთის, – ამ სიტყვებით იუმორისტმა ონისე ცხადაძემ, რომელსაც ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა.
ონისე ცხადაძის თქმით, „მაგარი გრძნობაა“ როდესაც რეალურად თავისუფალი ხარ და არ ხარ დამოკიდებული იმაზე, „ვინ რას დაგავალებს“.
„მე მინდა, რომ ნული ირონიით, ნული ბოროტებით და კეთილი გულით პირველ რიგში თქვენ გისურვოთ თავისუფლება. მინდა რომ გამოცადოთ, რა მაგარი გრძნობაა, როცა არავის აზრზე არ ხარ დამოკიდებული, ვინ რას დაგავალებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ხართ ადამიანები, როლებმაც 19-20 წლის ბიჭების დედები ატირეთ ციხეებთან. ეს არ დაგავიწყდეთ და ცოტა შეგრცხვეთ.
ამ ქვეყანაში ვიღაცებს ერთი კონკრეტული ადამიანის ეშინიათ, მაგრამ გირჩევდით, რომ ყველას უნდა გვეშინოდეს ღმერთის. ის კონკრეტული ადამიანი ღარიბაშვილის შემქმნელია, ხოლო ღმერთი სამყაროსი. ყველაფერი კარგად იქნება, მადლობელი ვარ ყველასი, რომ მხნეობას გვაძლევთ“, – განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაისინჯება ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.