ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის საქმის განხილვა 13 მარტს გადაიდო

ბათუმის სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სხვადასხვა შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს, რომელთა ნაწილი მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა.
მომდევნო სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
იქამდე კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ირაკლი დგებუაძისა და გრიგოლ ბესელიას, სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვა მოითხოვეს, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა შსს-ს წარმომადგენელი. მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაცხადა, რომ ღიად ტოვებს შუამდგომლობას.
მზია ამაღლობელს ოლიგარქის პროკურატურა 14 იანვარს, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაზე სტიკერის გაკვრას ედავება.
დღევანდელ სასამართლოს ლიეტუვის ელჩი, ნორვეგიისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას საპატიმროდან დისტანციურად ჩაერთო მზია ამაღლობელიც.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით, დაცვის მხარემ მისი გათავისუფლების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი შეიტანა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 19 თებერვალს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.