მოსამართლე დავით მგელიაშვილმა აქციების დროს დაკავებული 8 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე დავით მგელიაშვილი გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი განმარტავდა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობდა.
პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
სხდომაზე მხარეები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მსჯელობდნენ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5 000, 10 000, 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
ამასთან, ადვოკატები სასამართლოს დაკავებულების მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესებას სთავაზობდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობის ეტაპზე გადაიდო.
დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურამ კი აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხის გასაცემად დრო მოითხოვა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია ბრალდების მხარისთვის დღეს არ გამხდარა ცნობილი.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ასევე გუშინ, ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11-ვე ტყვე – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი – პატიმრობაში დატოვა.