რუსეთი კვლავ ითხოვს საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და საქართველოს მიერ “ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას.

რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და “საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას ისევ ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ, განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“რეგიონში ზოგადი მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით.” ნათქვამია განცხადებაში.
ლავროვის სამინისტრო გაღიზიანებულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დევნილების დაბრუნების თაობაზე და წერს:
“ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველო ყოველწლიურად შემოაქვს” – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეოს თქმით, აღსანიშნავია “წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლური განცხადებები”.
“ხაზგასმულია დაანონსებული ზრახვების ხელახლა დადასტურების მნიშვნელობა… და ასევე, მათი ტრანსფორმაცია კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებში, უპირველეს ყოვლისა, იურიდიულ ვალდებულებებში საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე, შესაბამისი შეთანხმების ფორმით”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს მიერ ყოველ წელს შეტანილი რეზოლუცია “სერიოზულ გამაღიზიანებლად” რჩება.