საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით – „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა, გაძლიერება“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა.
„წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს, უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.
ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში“, – წერს იოსელიანი.