მნიშვნელოვანისიახლეები

„ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდის საბანკო ანგარიში დააყადაღეს. თავდაპირველად ინფორმაცია თავად ფონდის დამფუძნებელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი პროკურატურამ დაადასტურა.

„ნანუკას ფონდი დააყადაღეს. დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ“, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.

„ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, – წერს ჟორჟოლიანი.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

“კერძოდ: prosperitygeorgia.org – ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ”, – აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

დაახლოებით ერთ საათში ნანუკა ჟორჟოლიანმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. მისი ცნობით, ანგარიშები დაყადაღებულია სასამართლოს განჩინებით, გამოიყენეს „დაუყონებლივი მექანიზმი“.

მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაედო ხუთი ორგანიზაციის ანგარიშებს, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში. პროკურატურამ ეს გამოძიება 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნებული„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო – ეს მოძრაობა ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

დაყადაღდა შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:

საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“;
არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

პროკურატურა წერს, რომ ამ ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების დანიშნულებაში მითითებული იყო „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.

„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – წერს პროკურატურა განცხადებაში.

„ნანუკას ფონდი“ ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყო პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დახმარებაზე. ფონდი ასევე ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, სასამართლო კი სოლიდურ ჯარიმებს აკისრებდა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა 2024 წლის დეკემბრის პირველივე რიცხვებში, როცა პროევროპული აქციები აქტიურ ფაზაში იყო, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

„შემატყობინეს რომ სუსმა, ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ“, – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. პროევროპული აქციების დაწყების პერიოდში ფონდი გამოყოფდა თანხებს დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის – რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის – შესაძენად.

მსგავსი პოსტები

Back to top button