ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა 31 მარტს, 13:00 საათამდე გადაიდო.
პროკურორის მტკიცებით, ირაკლი დგებუაძის საქმიანობამ მზია ამაღლობელი "გაანაწყენა", "გააღიზიანა" და მას თავს დაესხა, რა დროსაც დგებუაძემ "ფიზიკური ტკივილი განიცადა"

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა გადაიდო.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომელმაც საქმისთვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა.
როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილი განმარტავს, წარმოდგენილი მტკიცებულებები მოცულობითია, რის გამოც მათი შესწავლა დამატებით დროს საჭიროებს როგორც ბრალდებისთვის, ისე სასამართლოსთვის.
მისივე თქმით, მომდევნო სხდომა ახალი მტკიცებულებების დასაშვებობის განხილვით დაიწყება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 31 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
პროკურორის მტკიცებით, ირაკლი დგებუაძის საქმიანობამ მზია ამაღლობელი “გაანაწყენა”, “გააღიზიანა” და მას თავს დაესხა, რა დროსაც დგებუაძემ “ფიზიკური ტკივილი განიცადა”.
განცხადებები ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე გააკეთეს.
“ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობთ გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკი, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით” – თქვა ერთმა პროკურორმა.
მისივე თქმით, სასამართლო განხილვის ეტაპზე წარადგენენ ყველა საჭირო მტკიცებულებას, მათ შორის, ჩვენებას მისცემს “დაზარალებული” დგებუაძე და მოწმეები. პროკურორებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ ამაღლობელი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
პროკურატურა სასამართლო დარბაზში დღესაც ამტკიცებდა, რომ დგებუაძემ “ფიზიკური ტკივილი განიცადა”
“მას [დგებუაძეს] რაიმე წინაპირობა და შეხება ბრალდებულთან არ ჰქონია, რომ კონფლიქტი და დაძაბულობა ყოფილიყო და სწორედ მისმა სამსახურებრივმა საქმიანობამ გაანაწყენა ბრალდებული და მახდინა მასზე თავდასხმა და განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მან განიცადა ტკივილი” თქვა მეორე პროკურორმა
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს – ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.