მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 2 წელიწადში, სამუშაო სიღარიბე ორჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 5-ჯერ შემცირდა-საქართველოში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო

სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და 1,7 %-ს გაუთანაბრდა. დასაქმებულების რაოდენობა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაითვალა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში, სამუშაო სიღარიბე ორჯერ, 2012 წელთან შედარებით კი 5-ჯერ შემცირდა.

ორგანიზაციამ 2000 – 2024 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სიღარიბის დონის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. მაგალითად 2000 – 2003 წლებში ზღვარს მიღმა, დასაქმებულთა 11%-ი იყო. ვითარება თითქმის არ შეცვლილა, 2004-2012 წლებში, რა დროსაც 10%-ს, ანუ საშუალოდ ყოველი მეათე დასაქმებული იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა. წინა წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 1,7%-მდე შემცირდა.

სიღარიბის დონის შემცირება კავშირშია შემოსავლების ზრდასთან. 2024 წლის მე-4 კვარტალში, საშუალო თვიური ხელფასი 8.5%-ით , 173 ლარით გაიზარდა და 2217 ლარი გახდა

ექსპერტები ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და იმ პარამეტრებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაც პოზიტიურ მაჩვენებლებს განსაზღვრავს.

რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, მთავრობის ეკონომიკური გუნდში, წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, დადებითი ტენდენციების შენარჩუნებას ელოდებიან.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5 პროცენტით ანუ 173.0 ლარით გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორებიცაა, მაგალითად, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7.0 პროცენტით);

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი, (გაიზარდა 8.5 პროცენტით);

მშენებლობა – 3 361.8 ლარი, (გაიზარდა 9.8 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი.(გაიზარდა 11.6 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 170.8 ლარით, ანუ 7.8%-ით გაიზარდა და 2 367.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციისა (4 078.2 ლარი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 663.5 ლარი) სფეროებში.

2024 წლის მეოთხე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 189.7 ლარით, ანუ 10.7%-ით გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button