ირაკლი ოქრუაშვილს 20-ათასიანი გირაო შეუფარდეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს გამოძიების დასრულებამდე ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.
ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქმეზე, რომელიც აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით.
ირაკლი ოქრუაშვილი სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ის 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას. ოქრუაშვილს კომისიაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით იბარებდნენ.
“თუ რამის გამოძიება უნდოდათ 15 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ყველა საქმეზე გასულია, აქამდე გამოუძიებიათ. თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვით, თავისუფლებას აქვს სხვა ფასი”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
შემდეგი პროცესი 14 მაისს ჩატარდება.
ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ურჩევნია თუ არა ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ნაცვლად ციხეში წავიდეს, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა ის ასეც მოიქცეს.
პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა.
“კონკრეტული საფრთხე რომ იქნას აცილებული, ამისთვის აუცილებელია ზომები იქნას მიღებული. კანონმდებლობა გვაძლევს უფლებას გამოვიყენოთ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახე, ასევე მოვითხოვეთ დამატებითი ღონისძიების სახე, ეს იყო სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა, რაც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია.
მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილზე, საქმის მასალებშიც მითითებული გვაქვს, შუამდგომლობის დასაბუთების დროსაც გამოვიყენეთ, რომ წარსულში კონფლიქტი ჰქონდა კანონთან, მის მიმართ არაერთი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის სახით, შესაბამისად ეს გარემოება ახასიათებს ბრალდებულს და კონკრეტული სახის მოთხოვნისას ეს გარემოება ხდება მხედველობაში მიღებული”, – განაცხადა ნათია თათიაშვილმა.
იმავე მუხლით ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:
„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ უცნია არცერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და უკვე ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, 2025 წლის 27 მარტს კი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც მთავარ ოპოზიციურ პარტიებს მოიაზრებენ, „არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს“, რადგან „ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადდებიან და აეკრძალებათ საქმიანობა“.
„ისინი ჯერ კიდევ ლაპარაკობენ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. სინამდვილეში, განა არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას! ამას უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური წესრიგი…“ – თქვა მდინარაძემ.