,,36 წლის წინათ, უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე,,-კობახიძემ რუსეთი როგორც მოძალადე არ ახსენა

ირაკლი კობახიძე 9 აპრილზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც არ ახსენებს რუსეთს, როგორც მოძალადეს და ამბობს, რომ დღესაც, ისევე როგორც 36 წლის წინათ, უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
მისი განცხადების ფონია აქციების დროს დაკავებულთა, პოლიტპატიმრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრების და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან. მათ ღამე რუსთაველზე გაათენეს და ცდილობენ, “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცენ. რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება “ოცნების” მომხრეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკებებისას; საჯარო მოხელეები დემონსტრანტებს მართულებად და არეულობის მოსურნეებად მიიჩნევენ, აქციის მონაწილეები კი საჯარო მოხელეების ქმედებებს და მათთვის ნათქვამ ფრაზებს შეურაცხმყოფელ პროვოკაციად აღიქვამენ.
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამავდროულად, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც გააერთიანა საქართველო, დღე როდესაც ქართველებს შორის სიყვარულმა სძლია სიძულვილს. 9 აპრილი, ასევე, არის დღე, როდესაც მონობაზე თავისუფლების იდეამ გაიმარჯვა.
სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, უნდა გავემიჯნოთ ყოველგვარ ძალადობას, დავამარცხოთ სიძულვილი და დავიცვათ თავისუფლების იდეა. დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა, 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა“ და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს. დღეს, რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სცადა ძალადობის პროვოცირება და როდესაც ამას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა.
ჩვენ ვერ მივცემთ სიძულვილს დამატებით ენერგიას და ჩვენს ქვეყანას ავარიდებთ უცხოური ძალის მიერ დაგეგმილ, თუნდაც მცირე, პროვოკაციას. ვფიქრობთ, სწორედ ამას ელიან ჩვენგან 9 აპრილის გმირთა სულები, რომლებმაც სიყვარულისა და თავისუფლების იდეისთვის გაწირეს სიცოცხლე. მათ ხსოვნას ჩვენ დღეს სათანადო პატივს მივაგებთ. საქართველოში სიძულვილსა და მონობაზე სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს!”- წერს კობახიძე.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად – ქალები. ასობით დაშავდა.
9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე, საქართველომ აღიდგინა საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ახლაც გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.