უქმდება „მინისტრის საათი“, რა ფორმატშიც ოცნება პარლამენტის წინაშე გაწეული მუშაობის ანგარიშით გამოდიოდნენ და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობენ
ოცნების თქმით „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში „მინისტრის საათს“ აუქმებს. ეს ერთ-ერთი ცვლილებაა პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც პარტიის წევრებმა „პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების“ გამოსწორების მიზნით დააინიციირეს.
„უქმდება მინისტრის საათი, რომელიც არ არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საზედამხედველო ინსტრუმენტი და რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო“, – წერენ კანონპროექტის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
რას ნიშნავს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ პარლამენტის სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების განხილვაა – ეს პროცესი იწყებოდა მინისტრის სიტყვით გამოსვლით. დეპუტატებს შეეძლოთ მინისტრისთვის ეცნობებინათ ის საკითხები, რომლებზეც მოხსენების განმავლობაში ისურვებდნენ ყურადღების გამახვილებას. მოხსენებას მოსდევდა დეპუტატების დამაზუსტებელი კითხვა-პასუხი, რის შემდეგაც იმართებოდა დებატები.
როდიდან არსებობს „მინისტრის საათი“?
„მინისტრის საათი“ „ქართული ოცნების“ ინიციატივით ჩაიწერა პარლამენტის ახალ რეგლამენტში, რომელიც 2018 წელს მიიღეს. მაშინ განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ეს გააძლიერებდა საპარლამენტო ზედამხედველობას, კონტროლსა და ანგარიშვალდებულებას.
რა მოხდება ახლა?
როგორც „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, „მინისტრის საათი“ „თავის დანიშნულებას კარგავს“, რადგან ზრდიან ინტერპელაციების რაოდენობას.
რა არის ინტერპელაცია?
ინტერპელაციის გზით დეპუტატს შეუძლია მინისტრს გაუგზავნოს კითხვები, რომელზე პასუხის მიღებაც სურს. დეპუტატი იღებს წერილობით პასუხს და უსმენს მინისტრს, თუმცა მას არ შეუძლია სხვა საკითხების წამოჭრა.
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ „მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმი იყო. მათივე განმარტებით, „მინისტრის საათის“ სანაცვლოდ, ახალი რეგლამენტით ინტერპელაციების გამართვის ინტენსივობა გაიზრდება და პარლამენტის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის ნებისმიერი წევრის და სხვა ანგარიშვალდებული პირებისგან პლენარული სხდომების ყოველ კვირაში კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები მოისმინონ.
ცვლილებები პარლამენტის სათათბირო ორგანოებსაც შეეხება – უქმდება ღია მმართველობის, ბავშვის უფლებათა დაცვის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები. როგორც რეგლამენტის პროექტის თანდართულ განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოები საკონსულტაციო ფორმატით ფუნქციონირებდნენ, ისინი კომიტეტების ფუნქციებს ითავსებდნენ, რაც მათ სამართლებრივ სტატუსს არ შეესაბამებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოების საპირწონედ, პარლამენტის „სხვა დროებითი კომისიების“ საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები დაიხვეწა და დროებით კომისიასთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად განსაზღვრა შესაძლებელს ხდის, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები დროებითი კომისიის ინსტრუმენტის გამოყენებით იქნას შესწავლილი.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში თემატური მოკვლევის ინსტიტუტი აღარ იარსებებს – ახალი რეგლამენტის პროექტით, პარლამენტში თემატური მოკვლევის მექანიზმი უქმდება.
გარდა ამისა, კომიტეტებს აღარ მოუწევს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რომლის შედგენა, მომზადება და პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება მათი ყოველწლიური ვალდებულება იყო.
ასევე, თუკი რეგლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით, კომიტეტი ვალდებული იყო კანონის პროექტზე თემატური მომხსენებელი დაენიშნა, რეგლამენტის ახალი რედაქციით, ეს ვალდებულებაც უქმდება. თემატური მომხსენებლის განსაზღვრა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.
ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი – 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.