,,ზოგი ჭირი მარგებელია,,-ოცნება ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, – რომელსაც იგი „კოლექტიური ნაციონალურ მოძრაობის“ უწოდებს, – არ აკრძალავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რის საფუძვლადაც ასახელებს საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გაზრდის გამო პროცედურების გახანგრძლივებას.
სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას მუშაობის თავდაპირველად დათქმული 3-თვიანი ვადა 5 მაისს ეწურებოდა, თუმცა მცირე ხნის წინ, – 10 აპრილს კომისიის სხდომაზე, – კომისიამ ამ ვადის ერთი თვით გახანგრძლივება ითხოვა.
14 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვადის გახანგრძლივების ოთხოვნას ეთანხმებიან, თუმცა თქვა, რომ ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს:
„კომისიის მხოლოდ 3-თვიანი ვადის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის [პარტიების აკრძალვის შესახებ – რ.თ.] შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება. თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით ვახანგრძლივებთ, ამ პროცესის ამ ვადაში პროცესის დასრულება შეუძლებელია“.
„შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგი ჭირი მარგებელია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე გამოიყენა სიტყვათშეთანხმება „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, – რაც 1921 წელს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მოწყალების დის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სიტყვები, რაც პრო-ევროპული საპროტესტო დემონსტრაციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა:
„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ“, – თქვა მან.
მდინარაძის თქმით, არჩევნების შემდეგ მოამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს, „რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“.
მდინარაძემ განმარტა, რომ დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა ერთი თვით გააგრძელონ, შესაბამისად, დადგება რეალობა, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მდინარაძის თქმით, არავის მისცემენ იმის თქმის საშუალებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა თვითმმართველობის არჩევნებამდე დააჩქარა.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების, არამედ მთლიან პერიოდს, დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტებისა და საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია, ასევე, კომისიის სახელზე ყოველდღიურად შემოდის საქართველოს პარლამენტში ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს, მაქსიმალურ დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.
წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ ქალბატონმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს – მინიმუმ ერთი თვით. საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია, შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც “კოლექტიურ ნაცმოძრაობას, კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისათვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. როგორც იტყვიან ხოლმე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. შეიძლება, ასეც იყოს ამ შემთხვევაში. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი წელსვე თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში.
ამას გარდა, არავის მივცემთ უფლებას, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ამ საკითხის სპეკულირებისა და ამის საშუალებას არავის მივცემთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” “კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი, მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით”, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის შესასწავლი საკითხების ნუსხა ვრცელია, რომ „კომისიის სახელზე ასობით განცხადება შედის“, სადაც „ენმ-ისა და მისი სატელეტი პარტიების შემზარავ ისტორიებს“ მოუთხრობენ: „ყველა მათგანი საგამოძიებო კომისიაზე გატანა შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ცდილობს რაც შეიძლება მეტი მოასწროს“.
ამასთან, მდინარაძემ კიდევ ერთხელ უწოდა „აგენტურა“ ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ „პატრონები და დამფინანსებლები“ პარტიებს „დაავალებენ“ არჩევნებში მონაწილეობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა.
27 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გააფართოვა კომისიის მანდატი და ის აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით – იგი გაგრძელდა 2024 წლამდე.
არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც კომისიაზე დაიბარეს, არ გამოცხადდა, რის გამოც მათ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში პატიმრობა ემუქრებათ.
რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა და სასამართლომ გირაო შეუფარდა. მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები.