წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, გივი თარგამაძეს აღკვეთის სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, პოლიტიკოს გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 10-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლოს სხდომას გივი თარგამაძეც ესწრებოდა.
პროკურორის განმარტებით, გივი თარგამაძემ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, რაც გულისხმობს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას. ამასთან, პროკურორის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხეც, რადგან თარგამაძის მხრიდან „ხშირად ფიქსირდება საზღვრის კვეთა და მას კავშირები აქვს საზღვარგარეთ“. მისვე თქმით, თავისუფლების აღკვეთის შიში შესაძლოა, იყოს მიმალვის საფრთხე.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გივი თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე საფუძველს მოკლებულია, რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, გივი თარგამაძეს საზღვრის აქტიური კვეთა საერთოდ არ აქვს, რადგანაც 2012 წლიდან საქართველოდან სულ რამდენჯერმე გავიდა, ამიტომ გივი თარგამაძეს მიმალვის მოტივაცია არ გააჩნია. რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიაზე არმისვლას, ადვოკატის თქმით, გივი თარგამაძე კომისიაზე პრინციპულად არ გამოცხადდა. ადვოკატმა გირაოს ოდენობის ნაწილში სასამართლოს შესთავაზა, რომ გირაოს მინიმალური ოდენობა გამოეყენებინა. ადვოკატის თქმით, თარგამაძეს ამ ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს და იმის გადახდაც კი, რასაც სასამართლო შეუფარდებს, მეგობრებმა უნდა უზრუნველყონ.
„10 000 ლარი დღეს კურსის გათვალისწინებით დიდი ფული აღარ არის საქართველოში, მაგრამ უმუშევარი ადამიანისთვის ეს შეიძლება დიდი ტვირთიც იყოს. სახლი, რომელშიც გივი თარგამაძე ცხოვრობს, დღემდე დარეგისტრირებული არ არის და ამიტომ ის სახლს გირაოს უზრუნველყოფისთვის ვერ გამოიყენებს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
გირაოს უზრუნველყოფილს ნაწილში სხდომაზე მცირე განმარტება გააკეთა გივი თარგამაძემაც.
“პროპორციული არ არის ეს გამოყვანილი თანხა 10 000, სულ შემოსავალი მაქვს პენსიის სახით, ყოფილი პარლამენტარის 1000 ლარი, ქონება არ მაქვს საერთოდ. ადვოკატთან შევთანხმდები საბოლოო როგორ მოვიქცევი,”- განაცხადა გივი თარგამაძემ.
აღნიშნულ საკითხზე, საქმის პროკურორმა განმარტება გააკეთა:
“მოცემულ შემთხვევაში შეირჩა გირაო 10 000 ლარის ოდენობით, რომელსაც მივიჩნევთ, რომ აღმოფხვრის იმ საფრთხეებს, რაც მოცემულ შემთხვევაში მომდინარეობს გიორგი თარგამაძისგან. ეს იყო ერთ შემთხვევაში, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ხოლო, მეორე შემთხვევაში მიმალვის. მიმალვაზე როდესაც ვასაბუთებთ, ბუნებრივია, ის გარემოება, რომ მას საზღვარგარეთ აქვს კავშირები ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. ეს ხარისხი, რა ხარისხითაც არსებობდა მიმალვის საფრთხე, მივიჩნევთ, რომ გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული 10 000 ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიების გამოყენება არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად,” – აღნიშნა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
გივი თარგამაძესთან კომისიას კითხვები ჰქონდა აგვისტოს ომზე, ის დაბარებული იყო როგორც უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.
გივი თარგამაძე სადავო პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“ – მუხლით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იმავე მუხლით ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 50-50-ათასლარიანი გირაო შეუფარდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს (პარტია „ძლიერი საქართველო“), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს კი, 20-ათასლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. კომისია იკვლევს:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
კომისიას მუშაობისთვის სამი თვე აქვს. მასში რვა წევრია:
„ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ უცნია არცერთ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, არც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც და უკვე ოთხ თვეზე მეტია, უწყვეტი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის და მისი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს, ის არ გამოცხადდა. წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მათე დევიძის და, ელენე დევიძე “გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა.
როგორც ელენე დევიძემ სამარრთლო სხდომაზე აღნიშნა, მისთვის დაუშვებელია, რომ სანქცირებული მოსამართლე ასამართლებს.
“2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა. 1989 წლის 9 აპრილსაც არა უცხოურმა ძალებმა, როგორც ამას ჩვენი თვითმარქვია და არალეგიტიმური ხელისუფლება ბოდავს, არამედ რუსეთმა მოაწყო სასაკლაო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე. და თქვენ იმიტომ მიწერთ ჯარიმას, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების აბსურდებს ვაპროტესტებ?”, – თქვა ელენე დევიძემ.