მნიშვნელოვანისიახლეები

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის სიცრუე” -ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ მიზანმიმართულ სპეკულაციებს აქვს ადგილი.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ სპეკულაციებს იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მთლიანობაში, როგორც სახელმწიფო, ისე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებისა და გადასახადების ფაქტობრივი მაჩვენებლები გადაჭარბებით შესრულდა, გადასახადების ზოგიერთ სახეობაში, ფაქტობრივი მაჩვენებლის საპროგნოზო მაჩვენებელთან ჩამორჩენის მიუხედავად.
2025 წლის პირველ კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1% იყო. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 6.1 მილიარდი ლარია, რაც საპროგნოზო მაჩვენებელზე (6.0 მილიარდი ლარი) 118 მილიონი ლარით მეტია და 102.0%-ს შეადგენს.
გადაჭარბებით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა. კერძოდ, იანვარ-მარტში მიღებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (5.6 მილიარდი ლარი) 102.1% – 5.7 მილიარდი ლარი. მათ შორის, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენდა 5.3 მილიარდ ლარს, ხოლო ფაქტი 5.4 მილიარდი ლარია, რაც გეგმის 102.3%-ს შეადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 6.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 100.5%-ია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაშთებზე განთავსებული იყო შესაბამისად, 1.7 მილიარდი და 0.7 მილიარდი ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არა თუ ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არ აქვს არავითარი პრობლემა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი სრულდება გადაჭარბებით და საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები არის მორიგი სიცრუე და სპეკულაცია,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? – წერს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, ოთარ ანგურიძე, 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება, შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა.
ანგურიძე ასევე აღნიშნავს, რომ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც, რა თქმა უნდა, ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში.
“ცოტა ცინიზმია, ან/და სხვა შეგნებული დეზინფორმაცია, როცა მოგების გადასახადის შემცირებაზე ვსაუბრობთ და მიზეზებს არ ვიკვლევთ. მაშინ, როდესაც ჯერ არ ვიცით რეინვესტირების მაჩვენებელი როგორი იყო პირველ კვარტალში. იქნებ დაგვეცადა და გვენახა ხომ არ არის რეინვესტირების მაჩვენებელი გაზრდილი? ჩვენი კანონმდებლობით მოგების გადასახადით არ იბეგრება რეინვესტირებული მოგება. შესაბამისად, პოლიტიკოსების მოტივი არ სიმართლის და მიზეზის გარკვევა, არამედ აჟიოტაჟი და ცრუ განგაშის ატეხაა. ასეთი ხომ წარსულშიც არაერთი ყოფილა.
მითუმეტეს, როდესაც საუბარია მოგების გადასახადის თითქმის 97%-იან შესრულებაზე.
ასევე, საუბარია აქციზიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე და ამ დროს ეს ის ხალხია, რომელიც მუდმივად აქციზის გადასახადის შემცირებაზე საუბრობენ და დღეს აღმოჩნდა რომ სწორედ ამ გადასახადის გადახდა გახდა ეკონომიკური პრობლემების პარადიგმა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მთლიანობაში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებმა 102%-ს გადააჭარბა, რაზეც რა თქმა უნდა ყურადღება არ გამახვილებულა, არც სტატიაში და არც პოლიტიკოსთა შეფასებებში. რადგან მათი წარმატების იმედი მოსახლეობაში შიშისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობაზე გადის”,-წერს ოთარ ანგურიძე.

„2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა. მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა“- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე 2025 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლებთან დაკავშირებით.
ექსპერტის თქმით, ბიუჯეტზეც საუბრისას მთავარია მისი მთლიანი შევსება. საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და ფაქტობრივი მოცულობა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფომ დადგენილი წესით და ვადებში თანმიმდევრულად განახორციელოს საკუთარი საშინაო და საგარეო ვალდებულებების დაფარვა.
„2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც მთლიანი შემოსავლები, ისე საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო პარამეტრები გადაჭარბებით შესრულდა (შესაბამისად, 102.1% და 102.3%, ანუ საპროგნოზო პარამეტრებზე 119.2 მლნ. ლარით და 120.5 მლნ. ლარით მეტი).
მართალია, ამ პერიოდში საპროგნოზო პარამეტრებზე ვერ გავიდა ისეთი გადასახადების ამოღება, როგორებიცაა დამატებული ღირებულების გადასახადი (შესრულდა 99.4%-ით), მოგების გადასახადი (96.6%), იმპორტის გადასახადი (89.5%) და აქციზი (87.6%), თუმცა საპროგნოზო პარამეტრებს საგრძნობლად გადააჭარბა საშემოსავლო გადასახადებმა (+1.3%), რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტის ყულაბაში დამატებით 74.5 მლნ. ლარი შეიტანა (შედარებისათვის: დღგ-ის ხაზით საპროგნოზო პარამეტრზე გასვლას დააკლდა მხოლოდ 11.2 მლნ. ლარი, ხოლო იმპორტის გადასახადს – 3.7 მლნ. ლარი), აგრეთვე სხვა სახის შემოსავლებმა, რომლებმაც ბიუჯეტში პირველ კვარტალში საპროგნოზო მაჩვენებელზე 161.2 პროცენტით მეტი შეიტანეს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი უარყოფითი სალდო დაგეგმილზე 4.1-ჯერ ნაკლები იყო (-155.8 მლნ. ლარი, ნაცვლად 641.7 მლნ. ლარის), რაც საბიუჯეტო სახსრების მაღალ ეფექტიანობასა და სამობილიზაციო შესაძლებლობაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლების გადაჭარბებით შესრულება. ამ სახის გადასახადებზე მოდის ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ერთი მესამედი, ხოლო მოცულობა წინა წლის საშუალო კვარტალურ მაჩვენებელს დაახლოებით 18 პროცენტით აღემატება. ეს კი დაბალი ინფლაციის პირობებში (საშუალოდ 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით: +2.6%), საკმაოდ მკაფიო ინდიკატორია მოსახლეობის შემოსავლების და კეთილდღეობის ზრდისა (ფულადი შემოსავლების მატება რეალურ განზომილებაში – დაახლოებით 15.0 პროცენტით).
ამიტომ, ბიუჯეტზეც საუბრისას მთავარია მისი მთლიანი შევსება. ამას გვკარნახობს საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შევსების წესი და მისი პრინციპები: უ ნ ი ვ ე რ ს ა ლ ო ბ ა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, და კ ო ნ ს ო ლ ი დ ი რ ე ბ ა – ყველა სახელმწიფო შემოსულობის ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა.
საბიუჯეტო სახსრების მობილიზება და ფაქტობრივი მოცულობა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფომ დადგენილი წესით და ვადებში თანმიმდევრულად განახორციელოს საკუთარი საშინაო და საგარეო ვალდებულებების დაფარვა.
ზემოხსენებული პრინციპებისა და რეალობის გათვალისწინებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი პირისა და ექსპერტის „ვიშვიში“ „საბიუჯეტო კრიზისის“ თაობაზე მაგონებს „ქარიშხალს ჭიქაში“ , რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენას თუ შეხსენებას და არა ვითარების რეალურად დანახვას – წინსვლის და მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების თაობაზე რაიმე წინადადების შემოთავაზებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ…“-წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button