,,შეთანხმება 24 საათში გაფორმდება,,-უკრაინა და აშშ მინერალების შეთანხმებას ხელს მოაწერენ

აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შესახებ შეთანხმება თითქმის მზადაა — ორივე მხარე მზადყოფნას აცხადებს, რომ დოკუმენტს დღეს მოაწეროს ხელი, – ამის შესახებ BBC იუწყება.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო უკვე ვაშინგტონისკენ მიემართება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა აღნიშნა, რომ ბოლო დეტალები მუშავდება და შეთანხმება 24 საათში გაფორმდება.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მას შემდეგ, რაც გარკვეული „ბოლო წუთის ცვლილებები“ შევა.
რა ეტაპზეა მინერალურ რესურსებზე უკრაინა-აშშ-ის შეთანხმება, ამის შესახებ დონალდ ტრამპს მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავი კაბინეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს. ტრამპმა კითხვა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან გადაამისამართა, რომელმაც განაცხადა რომ ამერიკული მხარე შეთანხმების ხელმოსაწერად მზადაა.
“ჩვენი მხარე მზადაა დღეს შუადღისას ხელი მოაწეროს შეთანხმებას, თუ მზად იქნება.” – განაცხადა ბესენტმა. ბესენტის თქმით, მეორე მხარემ გუშინ ღამით გადაწყვიტა შეთანხმებაში “ბოლო წუთის ცვლილებების” შეტანა. “ჩვენი მხრიდან ცვლილებები არ ყოფილა, ეს იგივე შეთანხმებაა, რომელზეც შაბათ-კვირას შევთანხმდით ,”- განაცხადა ბესენტმა.
ტრამპის განცხადებით, ამერიკელების ყოფნა უკრაინულ ობიექტებზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედებს.
“უკრაინის მინერალური რესურსების მოპოვების ობიექტებზე ამერიკელების ყოფნა უზრუნველყოფს, რომ ახლოს “ცუდი მოთამაშეები“ არ იქნებიან,” – განაცხადა ტრამპმა.
არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში გაემგზავრა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. მას შემდეგ, რაც მინერალურ საკითხებზე შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერენ ხელს, ჩარჩო-ხელშეკრულების რატიფიცირება უკრაინის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.
შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დოკუმენტი რატიფიცირებისთვის უკრაინის პარლამენტს გადაეგზავნება.