მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თუ 9 მასის თავდასხმა იქნება, შესაძლოა უკრაინის დედაქალაქ კიევში „10 მაისი არ დადგეს“-მედვედევი

რუსეთის ექს-პრეზიდენტი, ახლა კი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ თუ 9 მასის თავდასხმა იქნება, შესაძლოა უკრაინის დედაქალაქ კიევში „10 მაისი არ დადგეს“. ასე გამოეხმაურა მედვედევი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც შეეხებოდა 9 მაისს მოსკოვში მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვას.

„მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვინ ეძებს მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

კრემლმა 28 აპრილს გამოაცხადა, რომ „გამარჯვების 80 წლისთავთან“ დაკავშირებით ცეცხლი შეწყდებოდა სამ დღით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის ინიციატივას სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თეატრალურ დადგმას უწოდებს და ამის ნაცვლად მოითხოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატების შემოთავაზებული სტრატეგიის შესაბამისად.
უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც 9 მაისს მიდის ან წასვლას აპირებს: არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება. თქვენს უსაფრთხოებას ისინი უზრუნველყოფენ და ჩვენ ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს რუსეთი ამ დღეებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა შეიძლება რაღაც მოიმოქმედოს და შემდეგ ბრალი უკრაინას დასდოს.

„მე, როგორც პრეზიდენტს მჯერა და ეს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდებიან, ვუთხრათ: ჩვენ არ გირჩევთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს და თუ ასე მოიქცევით, ჩვენ რაიმეს ნუ მოგვთხოვთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა. უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებულ სამდღიან ზავს „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა.

„უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მოდელია. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მოდით, 30 დღე ვცადოთ. რატომ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა? რადგან სამ, ხუთ ან შვიდ დღეში რაიმეზე შეთანხმება შეუძლებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კრემლი საიუბილეო, მეოთხმოცე „9 მაისისთვის“ მოსკოვში ელოდება, ოცამდე ქვეყნის ლიდერების ვიზიტს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, აღლუმს დაესწრებიან ჩინეთის, ბელარუსის, ბრაზილიის, კუბის, ვენესუელის, ბურკინა-ფასოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, სლოვაკეთისა და სერბეთის ლიდერები.

მსგავსი პოსტები

Back to top button