„მეგობარ აქტში“ „დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა,,-ოცნება „მეგობარ აქტს“ აკრიტიკებს
აშშ „მეგობარი აქტის“ მიღებით ნათლად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ-ოპოზიცია

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში პროცესები ისე არის, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტს უწევს თავის დაცვა ევროკავშირისგან, „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიისგან“, – ამის შესახებ „ ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
ამასთან, მაჭარაშვილის თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციებით მუქარები.
„შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი მას და მის ქვეყანას თავს ესხმის, უსამართლოდ ექცევა, არსებობს „დიფ სთეითი“, რომელიც ხელს უშლიდა ადრეც, ახლაც და ა.შ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ღირებულებებზე დგას, იყოს თავდასხმები, მათ შორის, სანქციებით მუქარები. ამავდროულად, შევახსენოთ საზოგადოებას: რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ბიუროკრატიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ სანქციებს, იმავე ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც, რადგან, როგორც ჩანს, შანტაჟის ენა არ გამოდის და იქნებ დიალოგიც კი ვცადოთო. ანუ მიხვდნენ, რომ საქართველოს საზოგადოებაზე შანტაჟი, მათრახი, სანქციები არ ჭრის. ჭრის მეგობრული დამოკიდებულება და ახლა ამ აქტებს რას დაარქმევ, მეგობრულს თუ მტრულს, ამას უკვე აღარავინ ყიდულობს, განსაკუთრებით ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ძალიან გაიზარდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში „მეგობარი აქტის“ განხილვას.
მისივე თქმით, აგენტურულმა ქსელმა არაერთხელ სცადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.
„წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, შეექმნათ აგენტურული ქსელი, რომ, როცა დასჭირდებათ, მოაწყონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები, რისი მცდელობაც საქართველოში ბევრჯერ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა „ნედით“, USAID-ით და სხვადასხვა ფონდით. „დიფ სთეითი“ არ არის დამარცხებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ. თუ ტრამპი მოახერხებს მის დამარცხებას, ამას მხოლოდ მივესალმებით და ეს ჩვენზეც აისახება. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც არ უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ ჩვენი ინტერესები ფეხქვეშ გათელოს და გამოიყენოს ისე, როგორც, მაგალითად, უკრაინა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ქართული მხარე მიესალმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას.
„არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას მივესალმებით. არც ჩვენთვის და არც მათთვის არ არის მისაღები არსებული ვითარება. წინა ადმინისტრაცია თეთრზე შავს გვეუბნებოდა, გაჯერებული იყო სიცრუის პროპაგანდით. გვინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს. ურთიერთობა იყოს მეგობრული, პარტნიორული, ორმხრივი. მიუღებელია, დიდი სახელმწიფო, როგორიც, მაგალითად, ამერიკაა, ზემოდან უყურებდეს მასზე პატარა სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დიდი ტრადიციები და კულტურა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამ აქტის დასახელება იმ კონტექსტს აბსოლუტურად არ შესაბამება, რომელიც ამ მოცემულობაშია წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „მეგობარი აქტის“ შესახებ განაცხადა, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს განიხილავს.
მისივე თქმით, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის არამეგობრული აქტი, რომელიც რეალობას არანაირად არ ასახავს და აცდენილია იმ რეალობას, რაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებთანაა დაკავშირებული.
„ეს არის მიკერძოებული ხასიათის. ვიმედოვნებთ, რომ ეს აქტი ან საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ იქნება, მასში აისახება ის ცვლილებები, რომელიც სამართლიანად საჭიროა, რომ ასახული იყოს. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი მოსახლეობის მიერ საპარლამენტო არჩევნებში გამოხატულ თავისუფალ ნებას. მათ მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს და კიდევ ერთხელ მიანდვეს ამ ქვეყნის შემდგომი ოთხი წლის მართვა. ვიმედოვნებთ, ეს აქტი მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვანი პოსტულატები იქნება დაცული. ამ მხრივ აშშ-ს უფრო მეტი რესურსი გააჩნია, რაც მეგობრობისთვის არის მნიშვნელოვანი – უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება, პირდაპირი ფრენების დაწყება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შესაძლებელს გახდის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმ დინამიკურ განვითარებას დაუბრუნდეს, რომელიც მნიშვნელოვანია ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის.
შესაბამისად, ის მოცემულობა და მცდელობა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე თვალყურს ვადევნებთ, რომელიც კონკრეტული ძალების მიერ არის ნაკარნახევი და მათი უშუალო ჩართულობით ხდება ამ პროცესების განვითარება, წარმოადგენს უსამართლობას და ელემენტარულად საქართველოს უპატივცემულობას. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს აქტი, საბოლოო ჯამში, კანონად არ გადაიქცევა და კონკრეტული კანონმდებლები მისცემენ სამართლიან შეფასებას ყველაფერს, რის შემდეგადაც შესაძლებელი იქნება, რომ მასში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რომ მან მართლაც გაამართლოს თავისი დასახელება და მართლაც „მეგობარი აქტი“ გახდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
აშშ „მეგობარი აქტის“ მიღებით ნათლად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენს ქვეყანას აძლევს დიდ შესაძლებლობას როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ისე მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობისა და უდიდეს პერსპექტივას ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, „მეგობარი აქტი“ მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
„„მეგობარი აქტი“ ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს აშშ-ის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, მათ შორის გეოპოლიტიკურ, რეგიონულ ჭრილშიც. აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ინსტიტუციების კონსოლიდაციაზე და ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობები სტრატეგიული პარტნიორობის, კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის აშშ-სა და დასავლურ სამყაროსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ თავის გზას თუ გააგრძელებს, მაშინ ამ ხელისუფლების საკვანძო წარმომადგენლებს, ისევე როგორც პარლამენტის წევრებს, მათი ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ, სანქციები ნამდვილად არ აცდებათ და ეს იქნება ყოვლისმომცველი სანქციები. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მისაღებია – გვინდა დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, აშშ-ში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა თუ „ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას, როგორც თვითმარქვია ხელისუფლება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
სანქციებზეა საუბარი და ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ რეალობა მოიტანეს ხელისუფლებაში თვითმარქვიებმა, თვითონ არიან „მეგობარი აქტის“ თანაავტორები , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „MEGOBARI აქტზე“ საუბრისას განაცხადა.
ლევან სამუშიას განცხადებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ტელეეკრანებიდან „იღიმიან და დამცინავად ლაპარაკობენ, მაგრამ კამერებს მიღმა რა ვითარებაში არიან, ყველამ კარგად იცის“.
„ამ მეგობარი აქტის ერთ-ერთ თანაავტორი იმ კუთხით, რომ შესაძლოა სანქციები იყოს თვითმარქვია ხელისუფლების მიმართ, თვითონ არიან ამ ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები. რამდენი ჟურნალისტია ნაცემი, რამდენი გადაურჩა სიკვდილს და რომელიმე სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მიყვანილი გინახავთ? – არცერთი. პირდაპირ ეთერში ადამიანებს თავს დასხდნენ, სცემეს, გაუსწორდნენ და სიკვდილს გადაურჩნენ. მეორე ფაქტი, ადამიანებს საღ-სალამათს აკავებდნენ და ნაცემ-ნაბეგვები, საშინელ მდგომარეობაში გამოდიოდნენ გარეთ. ვინმე იტყვის,რომ საქართველოში რამე დემოკრატიული ხდება? ქვეყანას მართავს არალეგიტიმური ხელისუფლება.
ვითარები გამოსწორება შეიძლება, გამოსწორების გასაღები არსებობს. ეს გასაღები არის ის,რომ ყველა პოლიტიკური ტყვე, რომელიც საპყრობილეშია მოთავსებული,უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ვითარების გამოსწორების ერთადერთი შესაძლებლობა და შანსი. ეს არის შანსი მათთვისაც, მაგრამ თქვენ თუ გგონიათ, რომ ესენი გამოვლენ ტელეეკრანებზე და მიკროფონებთან ტირილს დაიწყებენ, ამას არ გააკეთებენ. მაგრამ თუ გგონიათ, რომ მათთვის ეს სულ ერთია, არა მეგობრებო, არ არის სულ ერთი. ისინი რას ამბობენ ცისფერ ეკრანებზე და რეალობა, სხვადასხვა რამაა.“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა „მეგობარ აქტს“ დღეს განიხილავს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ 27 მარტს დაუჭირა მხარი.
„მეგობარი აქტი“ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, მოიცავს შემდეგ დებულებებს: დაიწყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის; აღიარებული იქნეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა ქვეყნის კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ვალდებულების მიმართ; მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტისგან სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებსა და მათ ხელშემწყობებზე, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩართულნი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის მიზნით, ძირს უთხრიდნენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულნი იყვნენ სხვა კორუფციულ ქმედებებში, რაც ზიანს აყენებს საქართველოს სტაბილურობას; გააძლიერებს ხალხთა შორის კავშირებსა და თავდაცვით თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ იმოქმედებს საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნების მიხედვით; გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში; მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იცავს ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ მთავრობის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.
კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.
MEGOBARI Act-ის პალატაში მიღების შემდეგ, სენატში მის სწრაფად დამტკიცებას ერთსულოვანი მხარდაჭერის პროცედურით (unanimous consent) გეგმავენ — რაც მიანიშნებს კანონპროექტისადმი ძლიერ ორპარტიულ თანხმობაზე.