მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვატიკანში შავი კვამლი ამოვიდა- 133 კარდინალმა ახალი პაპი ვერ აირჩია

კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის და ვატიკანის თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფოს მეთაურის ასარჩევად კონკლავი გაგრძელდება.

ვატიკანში მიმდინარე კონკლავზე პირველ კენჭისყრაზე რომის პაპი ვერ აირჩიეს. კარდინალთა საბჭომ ახალი რიგით, 267-ე პაპის არჩევა ვერ მოახერხა.

სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკლავში მონაწილე კარდინალებიდან ვერც ერთმა ხმების ორი-მესამედი ვერ მოაგროვა. ამგვარად, დღეს კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული.

კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. კარდინალების გადაყვანა სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის ხდება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით.

კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე მათ აკრძალული აქვთ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და გაზეთებზე.

ახალი პაპის არჩევის პასუხისმგებლობა კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალზეა დაკისრებული. საინტერესოა, რომ ამ კარდინალების დაახლოებით 80% სწორედ პაპ ფრანცისკემ დანიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან მრავალი პირველად იღებს მონაწილეობას პონტიფიკოსის არჩევის პროცესში.

კენჭისყრის პერიოდში კარდინალები სრულ იზოლაციაში იმყოფებიან – ისინი ვერ დაუკავშირდებიან გარე სამყაროს მანამ, სანამ ერთ-ერთი კანდიდატი ხმების ორ მესამედს არ მიიღებს. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს, რათა 267-ე რომის პაპი გახდეს.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ინსულტის შედეგად 21 აპრილს გარდაიცვალა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი სანტა მარია მაჯორეს ტაძარშია დაკრძალული.

მსგავსი პოსტები

Back to top button