გირაოს გადაუხდელობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში დააკავეს

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მოსამართლე ნინო თარაშვილს მიმართა კითხვით, თუ რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. ოქრუაშვილმა იქვე დასძინა, რომ თუ რუსთავის ციხეში გადაიყვანენ, მხოლოდ დისტანციურად ჩაერთვება და პროცესებზე ვერ ივლის. მან მოსამართლეს მიმართა, რომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომებს არ დაესწრება.
“თუ რუსთავში მომიწია ყოფნა, იქიდან ნამდვილად არ ვივლი პროცესებზე, ან უზრუნველყავით დისტანციური ჩართვა, ან უჩემოდ ჩაატარეთ პროცესები”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ვიდრე მოსამართლე ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო სხდომის დარბაზშივე მოიხსნა ქამარი. მან პროცესზე აღნიშნა, რომ მეტალის ნივთებიც კი არ გაუკეთებია დღევანდელ პროცესზე, რადგან ყველაფერს ელოდებოდა.
გირაოს არ გადავიხდი! ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი – არ ვაპირებ ვიღაცის ხუშტურების გამო, საკუთარ შვილებს თანხა მოვაკლო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არის ერთადერთი ქონება, რომელიც გაძარცვეს და დღეს მისი შეფასება შეუძლებელია.
„გირაოს არ გადავიხდი. ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა სასამართლო პროცესის დაწყებამდეც.
“ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა არ გადაიხადო გირაოო. ვინ ხარ-მეთქი ვკითხე და “დიფ სთეითი“ ვარო, მითხრა. მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება. არ ვიცი, ამათ თავში რა მოიხარშება. გირაოს თემა განსხვავებულია ჩემთან მიმართებაში. 7 ადამიანს წაგვიყენეს ბრალი ამ საქმეზე, მარტო მე შემიფარდეს ქვეყნის დატოვების აკრძალვა. თუ 50 ათას ლარად ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ 3-ჯერ დაარტყან დედამიწას წრე, მე 20 ათასად უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი-თელავის მარშრუტზე. სადაური წესია, ეგ ვერ გავიგე. რა ლოგიკით მოქმედებენ, გაუგებარია”, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ამასთან, საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა განმარტა, რის საფუძველზე შეიცვალა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო პატიმრობით.
„მოცემულ შემთხვევაში შეფასდა ბრალდებულის პიროვნება, მისი ქმედება, მისი დამოკიდებულება როგორც საგამოძიებო ორგანოსადმი, ისე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, მისი დამოკიდებულება კანონისადმი და კანონიერი მოთხოვნისადმი. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა გირაოს ოდენობა, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობა, გირაოს ოდენობის თანხის უზრუნველყოფაც არ მოუხდენია უძრავი ქონებით. შესაბამისად, აღნიშნული იყო მთავარი საფუძველი, რის გამოც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო შეიცვალა პატიმრობით. არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან მომდინარე. გარდა მის მიერ დარღვეული პირობისა, ძირითადი ფაქტორი ასევე იყო მისი ქმედება, როდესაც ბრალდებული განმარტავს, რომ არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრულ გირაოს ოდენობას, მისთვის სპორტული ჟინი იყო აღნიშნული, რის გამოც არ შეასრულებდა გირაოს პირობებს. ასევე, ბუნებრივია, მისი საჯარო მოწოდებებიც, რომ სხვა ბრალდებულებსაც არ გადაეხადათ გირაოს ოდენობა და არ შეესრულებინათ განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – განაცხადა პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო.
„ირაკლი ოქრიაშვილს გირაო ჰქონდა შეფარდებული, მან ეს გირაო არ გადაიხადა, მაგრამ თუ ადამიანი არ იმალება, არაფერს არ აშავებს, კანონი იმპერატიულად არ ითხოვს, რომ მაინცდამაინც გირაო პატიმრობით შეცვლილიყო. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება არის უკანონო, რადგან ადამიანი პროცესზე იყო, თავისი ნებით მოვიდა, არაფერს არ არღვევს. გათვლადი იყო, რომ პროკურატურა და სასამართლო ამაზე წასულიყო, თუმცა იმასაც ვუშვებდით და პრაქტიკაშიც ყოფილა, როდესაც ადამიანს გირაო არ გადაუხდია ან ვერ გადაუხდია და სასამართლო ხედავს, რომ პიროვნება მის წინაშეა, არსად არ იმალება და გამოძიებას ხელს არ უშლის, უარი უთქვამს პატიმრობის შეფარდებაზე. ამ შემთხვევაში სასამართლო ასე უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ირაკლი ოქრუაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ირაკლი ოქრუაშვილი სხვადასხვა დროს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრი – ის 2006 წლის ნოემბრიდან აღარ იკავებდა თანამდებობას. ოქრუაშვილს კომისიაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით იბარებდნენ.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით – ვადით სამ წლამდე.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეუფარდა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.