უკრაინაში მებრძოლ “ქართული ლეგიონის” წევრს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთ ქართველს, ამბაკო სოზიაშვილს თავისუფლების 14 წლამდე აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს 25 წლის მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილის განაჩენი გამოუტანა. სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოსახდელად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, 25 წლის საქართველოს მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო“ მიუსაჯეს.
ე.წ. პროკურატურის ცნობით, ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა.
„წვრთნების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რისთვისაც 2.8 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
25 წლის ამბაკო სოზიაშვილი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა. ის “ქართული ლეგიონის” წევრია.