ლაშა გაბიტაშვილს რომელიც აბუ-დაბიში “ოცნების” წევრებს დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც აბუ-დაბიში “ოცნების” წევრებს დაუპირისპირდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს.
“ქართულმა ოცნებამ” წამართვა საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა საქართველოში ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.
ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს მივმართე, რომ მოქალაქეობა შემენარჩუნებინა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ უარი მითხრეს [შენარჩუნებაზე] და წამართვეს მოქალაქეობა. რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ…” – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
მიზეზად ორმაგი მოქალაქეობა სახელდება – გაბიტაშვილმა ისრაელის პასპორტი ცოლთან ქორწინების შემდეგ აიღო, საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად კი იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე წლის თებერვალში მიმართა.
ლაშა გაბიტაშვილი საზოგადოებამ აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ წევრებთან ინციდენტის შემდეგ გაიცნო. მას ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მინდა გაგიზიაროთ „ქართული ოცნების“ მორიგი ბოროტი გადაწყვეტილება: მათ წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრება საქართველოში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელონ მოქალაქეობა“, – აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.
იგი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას აპირებს:
„მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე, პირიქით, ვთქვი, რომ მინდა შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უარი მითხრეს და წამართვეს მოქალაქეობა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე“.
ამასთან ლაშა გაბიტაშვილი უკვე ფლობდა ისრაელის პასპორტს, როცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის შენარჩუნების თხოვნით მიმართა.
“უყურე, არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს. ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს და იხილავს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის, მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია აქ ინციდენტი… მე რავიცი, კითხეთ, გიჟია, რავიცი, მე რა უნდა გიპასუხოთ”
– განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “TV პირველთან” ლაშა გაბიტაშვილზე.
ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილმა, რომელიც აბუ-დაბიში “ოცნების” წევრებს დაუპირისპირდა, დღეს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეობა წაართვეს.
2024 წლის გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ მიღებამ და გვიან შემოდგომით კი „ქართული ოცნების“ განაცხადმა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მათი ნაწილი ამ პარტიის წარმომადგენლებს პირისპირ შეხვედრის დროს „მონას“ ეძახდა.
ერთ-ერთი მათ შორის იყო ლაშა გაბიტაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აბუ-დაბიში მოგზაურობის დროს, 12 იანვარს შეხვდა და „მონა“ უწოდა. 13 იანვარს მას აბუ-დაბის სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ.
ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ლაშა გაბიტაშვილს საცხოვრებელთან თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებსაც სახეები შენიღბული ჰქონდათ.
„აბუ-დაბიში რაც თვითონ ვერ შეასრულეს, გამოგზავნეს შემსრულებლები. დაშინება უნდათ, მაგრამ ვერ დაგვაშინებენ“, – თქვა ლაშა გაბიტაშვილმა მაშინ და ეს თავდასხმა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.
ამ დრომდე მედიისთვის არ არის ცნობილი, დააკავა თუ არა პოლიციამ ლაშა გაბიტაშვილზე თავდამსხმელები.