მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 82 წლის ჯო ბაიდენს, აგრესიული პროსტატის კიბო დაუდგინდა

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, პროსტატის კიბო აქვს.

ექსპრეზიდენტის ოფისის მიერ 18 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს და ძვლებში მეტასტაზის დიაგნოზი პარასკევს, 16 მაისს დაუსვეს.
ბაიდენმა ექიმს შარდვის გაუარესებული სიმპტომების გამო მიმართა, რის შემდეგაც პარასკევს მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებას მაღალი გლისონის ქულა (9/10) აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები სწრაფად ვრცელდება.

ოფისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადების აგრესიული ფორმაა, კიბო ჰორმონ-მგრძნობიარეა, რაც მკურნალობის ეფექტურობის იმედს იძლევა.
ამასთან ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დიაგნოზის გავრცელების შემდეგ ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადეს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა ლიდერებმა. დონალდ ტრამპმა მას სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო კამალა ჰარისმა ბაიდენს “მებრძოლი” უწოდა. ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა კი აღნიშნა, რომ არავის გაუწევია მეტი ძალისხმევა კიბოს წინააღმდეგ, ვიდრე ჯო ბაიდენს.

მხარდაჭერის წერილი გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც.
ბაიდენის ოფისის თანახმად, აგრესიული ფორმის მიუხედავად, დაავადება ჰორმონებისადმი მგრძნობიარეა, რაც შესაძლებელს ხდის ეფექტიან მკურნალობას და ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს.

ჯო ბაიდენს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2021 წლის 20 იანვრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ნოემბერში 83 წელი შეუსრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ის და პირველი ლედი მელანია წუხან ჯო ბაიდენის დიაგნოზის გამო, მის ოჯახს თბილ და საუკეთესო სურვილებს გადასცემენ, ხოლო ჯო ბაიდენს სწრაფად და წარმატებით გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

ჯო ბაიდენს 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრა სურდა. დემოკრატები შიშობდნენ, რომ ბაიდენი თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებდა რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა.

2024 წლის 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.

21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.

2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დამარცხდა

მსგავსი პოსტები

Back to top button