წვევამდელს 1000 ლარით დააჯარიმებენ, თუ სამხედრო სამედიცინო კომისიაზე არ გამოცხადდება
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება

თავდაცვის სამინისტრომ სადავო პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები შევა. ცვლილებების მიხედვით, დააჯარიმებენ ყველა იმ წვევამდელს, რომელიც არ გამოცხადდება სამხედრო სამედიცინო კომისიაზე.
ამ დრომდე 1000-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების გამო იყო დადგენილი, ახლა კი კანონის ჩანაწერი ფართოვდება.
ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებებს შორის, რომელსაც პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებები კი „თავდაცვის კოდექსში“ და მასთან ერთად „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
როგორც წესი, საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო სამსახურში წლის განმავლობაში ორ ეტაპად იწვევს წვევამდელებს: გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
ახალი „თავდაცვის კოდექსი“ წინა, მეათე მოწვევის პარლამენტმა 2023 წლის სექტემბერში მიიღო მესამე მოსმენით. კანონის მიხედვით, „მღვდელმსახურის“ სტატუსი ახალგაზრდას სამხედრო სამსახურიდან აღარ ათავისუფლებს, ამისთვის საჭიროა სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებაც.
ამასთან საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.
ამას “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახალი “თავდაცვის კოდექსის“ ამოქმედების შემდგომ შეიქმნა. მისი ძირითადი ფუნქციაა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.
“სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში, საჭირო გახდება.
ამდენად, მშვიდობიანობის დროს, საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება“, – განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.
პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ კანონებში: – “თავდაცვის კოდექსში“, “არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში, “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.
კანონპროექტთა პაკეტი თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა