მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს 11:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.

“თუ ყველა იტყვის უარს ტყუილში მონაწილეობაზე ეს რეჟიმი ჩამოიფშვნება”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პროკურატურის განცხადებით, არსებობდა განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე “განზრახ სრულიად გამიზნულად არ ასრულებს სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას, უგულებელყოფს კანონს და არ ასრულებს გირაოს პირობებს”.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კი მსგავსის ჩადენის ალბათობა არ არსებობს, “ციხეში რომ ჩამსვათ მივალ კომისიაზე? – არ არსებობს რაციონალური არგუმენტი რის გამოც მე უნდა ვიჯდე ციხეში”

“არ არსებობს არანაირი საფუძველი პატიმრობის, ვინ არიან მოწმეები – არ ვიცი, რა მტკიცებულებები უნდა გავანადგურო თუ თავისუფლებაზე ვიქნები, არ ვიცი. ქვეყნიდან გაქცევას რაც შეეხება, ვიყავი სტრასბურგში, მერე კიდევ გავედი და შემოვედი, ყოველ დღე დავდივარ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების სასამართლოებზე. რაიმე რისკი რომ მოწმეებზე მოვახდენ ზემოქმედებას, ან ქვეყანას დავტოვებ არ არსებობს, მე არ ვაღიარებ ამ პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდეც და მიმდინარეობისასაც დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერისთვის ზურაბ ჯაფარიძისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ეს შუამდგომლობა თავად ზურაბ ჯაფარიძემ დააყენა მას შემდეგ, რაც მისმა ადვოკატებმა – ირაკლი ჩომახიშვილმა და ნიკა გვარამიამ, პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მოსამართლის თანახმად, ადვოკატების მიერ პროცესის დატოვების მიზეზი “სხდომის გაჭიანურებაა”.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ სასამართლოს ზურაბ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button