გორში „დილასა“ და „დინამო თბილისს“ შორის ეროვნული ლიგის შეხვედრის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე გუნდებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს

გორში „დილასა“ და „დინამო თბილისს“ შორის ეროვნული ლიგის შეხვედრის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე „დილამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას მწვავე რეაქცია მოჰყვა ერთ-ერთი გულშემატკივრის შეურაცხმყოფელ რეპლიკას, რის გამოც დაუპირისპირდა და, საბოლოოდ, მოედნიდან გააძევეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ „დილა“-„დინამოს“ მატჩის ბოლოს მომხდარ სამწუხარო ინციდენტს ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით, გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი უპირობო პატივისცემა როგორც კონკრეტულად ჯაბა კანკავას, როგორც ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ფეხბურთელისადმი, ასევე, ზოგადად, თბილისის „დინამოს“ ყველა ფეხბურთელის და წევრის მიმართ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თხოვნით მივამართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმების თაობაზე.
თავდაპირველად არ გვსურდა აღნიშნული ეპიზოდზე ასეთი დეტალური ჩაღრმავება, თუმცა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხს მოჰყვა არაერთი სახის სპეკულაცია, მათ შორის არასპორტულ ჭრილშიც, ამიტომ მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის.
ასევე ვაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში და იგი არ ყოფილა განგრძობითი მთელი მატჩის განმავლობაში. აქვე გვსურს, უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას გადავუხადოთ დიდი მადლობა უშუალოდ ინციდენტის დროს მაღალ დონეზე რეაგირებისა და მაღალი რისკის საფრთხის თავიდან აცილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ „დინამოს“ ფეხბურთელები სრული შემადგენლობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მივიდნენ აღნიშნულ ტრიბუნასთან, საიდანაც მიიღეს მხოლოდ პატივისცემა და აპლოდისმენტები, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის მხრიდან სწორი ფასეულობების ქონას, ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპის – პატივისცემის დაცვას და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს“, – წერია „დილის“ განცხადებაში.
„დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა გორში, „დილასთან“ ეროვნული ლიგის შეხვედრის ბოლოს მომხდარ ინციდენტზე.
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავას ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის მწვავე რეაქცია მოყვა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს. მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას – ჯაბა კანკავას.
სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.
მთელი კლუბის სახელით, მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია, ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.
გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე “დინამო” თბილისისა და გორის “დილას” მატჩის მიმდინარეობისას ჯაბა კანკავას გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს შეურაცხყოფას აყენებდა, რასაც კანკავას გაღიზიანება მოჰყვა. დღეს, მომხდარ ინციდენტს “დინამო” გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.