შსს-ს განცხადებით, ნიკა მელია ადმინიტრაციული სამართალდარღვევათა კოექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს

შსს-ში აცხადებენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით არის დაკავებული.
კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
„ნიკა მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ნიკა მელია კანონით დადგენილი წესით წარედგინება სასამართლოს”, – აცხადებენ შსს-ში.
ლისის ტბის ასახვევთან „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს.
„რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს. გამოცხადებული რეპრესიების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი, ოპოზიციის ლიდერების „განეიტრალების“ მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავება დაადასტურა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმაც, მაგრამ დაკავების მიზეზს ვერ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს, ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ხვალინდელ სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, დააკავებდნენ – მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიებას, სავარაუდოდ, პატიმრობით შეუცვლიდნენ. ნიკა მელია აღნიშნულ პროცესზე მისვლას არ აპირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მელიას დღეს სუს-ის თანამშრომლები სახლიდან გაჰყვნენ და ის ლისის ტბის მიმდებარედ, ძალის გამოყენებით დააკავეს.