„ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია

“ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია – ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს და ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს.
საქმე ეხება გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე დაკავების დეტალებზე ისაუბრა და თქვა, რომ გაიტაცეს და ამ საქმეზე გამოძიებას ითხოვს.
მათივე განცხადების მიხედვით, კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კომპანიას მისი გაცემის უფლება არ აქვს:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და მედიასივრცეში გავრცელებული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, გვსურს განმარტოთ პროცედურები ჩარტერული რეისის შესრულებასთან დაკავშირებით.
ნებისმიერი კერძო ან იურიდიული პირი, რომელსაც სურს ამა თუ იმ მიმართულებით ჩარტერული რეისის შეკვეთა, უკავშირდება ავიაკომპანიის კომერციულ დეპარტამენტს. დამკვეთი პირი თუ ორგანიზაცია ავიაკომპანიას აწვდის ინფორმაციას რეისის მიმართულების, სასურველი თარიღისა და დროის და თბილისიდან მგზავრების რაოდენობის და მათი მონაცემების შესახებ. შეთანხმების შემდეგ, წინასწარ ხდება რეისის ანაზღაურება. მგზავრს, რომელსაც აქვს შეკვეთილი და ანაზღაურებული ჩარტერული რეისი, აქვს უფლება უკანა გზაზე გამოამგზავროს მისთვის სასურველი პირი ან პირები.
აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ის ინფორმაციას არ უთანხმებს, რადგან ეს არის ჩარტერული რეისი, რომელიც სრულდება ამ კონკრეტული პიროვნების დაკვეთით. უკანა გზაზე გამოსამგზავრებელ პირებთან დაკავშირებით ყველა პროცედურა, მათ შორის, პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები, არის საერთაშორისო აეროპორტის, საიდანაც სრულდება რეისი, და აღნიშნულ აეროპორტში მოქმედი სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა. თბილისში ჩამოსვლის შემდგომ, მგზავრები ყველა შესაბამის პროცედურას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადიან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
“ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია,”- აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ბაჩიაშვილი 26-ს მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ეგრეთწოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავა. “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ის შაბათს, 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, ორი დღე თვალებახვეული ატარეს, შემდეგ, კი “აირზენას“ თვითმფრინავში აიყვანეს და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველა კანონის დარღვევით ჩამოიყვანეს საქართველოში.