მნიშვნელოვანისიახლეები

კამერების დაზიანებითვის მოსამართლე ლილი მსხილაძემ 23 წლის დანიელ მუმლაძეს და 26 წლის გურამ ხუტაშვილს 3-3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ პროევროპულ აქციებზე ვიდეოსათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილსა და 23 წლის დანიელ მუმლაძეს სამ-სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს აღიარებდნენ და მზად იყვნენ საპროცესო შეთანხმებისთვის – გათავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადათ დაზიანებული კამერების ღირებულება, 12,1 ათასი ლარი თუმცა, თვეობით ლოდინის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდა..
ორივე მათგანი 2023 წლის დეკემბერში რუსთაველის გამზირზე 112-ის დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების დაზიანების გამო იყო დაკავებული.

მოსამართლის განმარტებით, ქვეყანაში „სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები სისტემატური ხასიათის გახდა“, რაც გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა.
სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ზარალი 11 200 ლარს შეადგენს.

მუმლაძეს და ხუტაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სწორედ საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლო სხდომა გადაიდო. მაშინ პროკურორმა თამარ იაკობიძემ ეს საკითხი დაადასტურა.

ხუტაშვილი და მუმლაძე გასული წლის დეკემბერში სხვადასხვა დღეს ერთი ბრალდებით დააკავეს. საქართველოს პროკურატურა ორივეს ედავებოდა აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე მდებარე სათვალთვალო კამერების ჯგუფურად დაზიანებას.

ნივთის დაზიანებისთვის სასჯელი 2023 წლის ივნისში გამკაცრდა და პატიმრობის წლების რაოდენობა გაიზარდა. იურისტები შიშობდნენ, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენებდა.

ექვსი თვეა, თბილისსა და ბათუმში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ათობით ადამიანის გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, პარტია 2028 წლამდე აღარ დააყენებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

მსგავსი პოსტები

Back to top button