,,ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ FARA-ს კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს,,-გორდულაძე

ამერიკული “ფარას” ქართული ანალოგის ინიციატორის მიმართვის ადრესატები ის იურიდიული და ფიზიკური პირები არიან, რომლებსაც უკვე ძალაში შესული კანონი ეხებათ. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ანტიკორუფციულ ბიუროზეა. ავტორების განცხადებით, ამერიკული “ფარას” ქართულმა ვერსიამ ქვეყნის სუვერენიტეტი უფრო მეტად უნდა დაიცვას და საქართველოს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის მცდელობები მაქსიმალურად აღკვეთოს.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის ორმაგი სტანდარტია ყველა ის განცხადება, რომლითაც ამერიკული კანონის ქართულ ანალოგს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს მიღმა აკრიტიკებენ. სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არის ერთი და იგივე კანონი სხვა ქვეყნის შემთხვევაში მისაღები, საქართველოში კი მიუღებელი. “უცხოური აგენტების რეგისტრაციის” ქართულ ვერსიას დასავლელი პოლიტიკოსები ევროპულ გზაზე საფრთხედ მიიჩნევენ.
უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს ქართულ ოპოზიციაში იზიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული კანონის ქართული ანალოგი დარტყმის ქვეშ აყენებს დემოკრატიას და მის დამორჩილებასაც არ განიხილავენ. კანონის აღსრულებას არ აპირებენ არც მესამე სექტორში.
გამჭვირვალობა დემოკრატიის მტერი ვერ იქნება – ასეთია სახელისუფლებო გუნდის პოზიცია. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ დაუმორჩილებლობას მიზეზი აქვს და ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიზნები გამოაშკარავდება.
ახალ კანონზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანის თქმით, კანონმდებლობა ამერიკულია და მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია.
ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ე.წ FARA-ს კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, „გარედან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა უკანაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ საცეცები ჩანს, არაერთ ტყუილს ავრცელებენ“.
„მათ შორის, ახლაც ისევ და ისევ დავალებით აკრიტიკებენ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. ამ კანონთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს მათზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს. განვმარტოთ რეალურად საქართველოში მოქმედი ამერიკული FARA რას ეხება: აშშ-ში ეს კანონი მიღებულია 1938 წელს – ეს კანონი დღემდე მოქმედია, იცავს ამერიკელების უსაფრთხოებას და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობას, რომელიც პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული. ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს და იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ქვეყანა, შიდა უსაფრთხოება და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ზუსტად ანალოგიურად აქვს ქართველებს და სახელმწიფოს, სუვერენიტეტის დასაცავად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის – გარედან დაფინანსებული არაერთი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობისგან და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი, როგორც ეს ამერიკაში მოქმედებს. მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე აშშ-ში FARA არ ვრცელდება და საქართველოშიც ანალოგიურად არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, რომ კეთილი ინებონ და წაიკითხონ…
ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, – განაცხადა გორდულაძემ.
ენჯეოშნიკების წუწუნი მოვისმინე, თურმე, კანონი მკაცრია და ზედმეტად მომთხოვნია, ამერიკის საელჩოს ხომ არ მიმართავენ? აბა, ამერიკის ელჩთან განვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ზარქუას თქმიყ, ამერიკა ათეული წლებია ამ კანონით ამაყობს.
„რაღა, მათთვის არის მკაცრი? – როცა ტრამპის ადმინისტრაციისგან მოვისმინეთ, თუ რა ანტიქართულ პოლიტიკას აფინანსებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მივხვდით, რომ გამჭვირვალეობა საკმარისი არ იყო და დღის წესრიგში დადგა, რომ „ფარა“ პირდაპირ გადმოგვეჭო. რეგისტრაციის გავლა ყველას მოუწევს, თუ არადა, დაემშვიდობონ საქმიანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოგვიწევს. რეგისტრაცია გაიარონ, ვინ არიან, რას აფინანსებენ, რა მოტივით და მუშაობა განაგრძონ“, – განაცხადა ზარქუა.
“რა თქმა უნდა, დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე. როგორც ქვეყანაში ყველა საქმე, ყველა საბიუჯეტო თანხა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ასევე, უნდა იყოს ყველა სხვა თანხაც ბოლომდე გამჭვირვალე,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგზე საუბრისას აღნიშნა, გამჭვირვალობა შეუძლებელია დემოკრატიის და თავისუფლების მტერი იყოს.
“არ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს დემოკრატიისა და თავისუფლების მტერი. გამჭვირვალობა არის მხოლოდ ფარული საქმიანობის მტერი. ამიტომ, ვისაც სურს საქართველოში ფარულ გზებით ფერადი რევოლუციებისა და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა, მათთვის ეს კანონი მიუღებელია.
გამჭვირვალობა, დემოკრატიის სახელით, დღეს შერაცხილია რუსულ და ანტიდემოკრატიულ მოვლენად. აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტსაც და ელემენტარული სტანდარტების უარყოფასაც.
რა თქმა უნდა, დავრჩებით ჩვენ პოზიციაზე. როგორც ქვეყანაში ყველა საქმე, ყველა საბიუჯეტო თანხა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ასევე, უნდა იყოს ყველა სხვა თანხაც ბოლომდე გამჭვირვალე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ 20 მაისს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან საუბრის დროს განმარტა, ვის შეეხება ე.წ. ქართული FARA.
„ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს… ერთია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად [აწარმოებდეს] იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რაც კანონს აქვს განსაზღვრული“, – თქვა რაჟდენ კუპრაშვილმა.
კანონპროექტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით, იურიდიული პირი – ჯარიმით.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო – დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
22 მაისს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია “მონიტორი” და “საქართველოს ამბები”. სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.