მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,კანდიდატი ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის,,-მარტა კოსმა, ,,ოცნება,, ბოლო დროს მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა-რასა იუკნევიჩიენე

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, საქართველოს მთავრობა ბოლო დროს მიღებული კანონების გამო გააკრიტიკა. კოსმა თქვა, რომ კანდიდატი ქვეყანა სხვა მიმართულებით მიდის, ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით ჩართულობის გამო ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს.

“მადლობა რასა იუკნევიჩიენეს ჩართულობისთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველო არის შეხსენება იმისა, თუ როგორ შეიძლება ევროპული გზიდან უკუსვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს არ ნიშნავს, რომ ევროპული გზა ავტომატურად იქნება. მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობებს აწყობს, ხელისუფლება საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური რეგისტრაციის შესახებ აქტი, ბოლო დროს მიღებულ კანონებთან ერთად, ქვეყნის დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის აღმნიშვნელია. პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. განვიხილავთ საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს, დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად. ასეთ დროს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოებას და ქართველ ხალხს,” – აცხადებს მარტა კოსი.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხზე საუბრობდა, საქართველოს მდგომარეობის შეფასებისას თქვა, რომ “საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად”.

“საქართველო მკაფიო შეხსენებაა, რომ შესაძლოა ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც მოხდეს. რომ როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა ავტომატურად მოხდება.”

კოსმა ჩამოთვალა კანონები, რომელთა მიღებაც დემოკრატიულ უკუსვლაზე მეტყველებს.

„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს“, – თქვა კოსმა.

მან გაიმეორა კაია კალასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გასულ კვირაში გამოქვეყნებული ერთობლივი წერილის მოწოდებები.
„ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ ამას კვლავ და კვლად ვიმეორებთ.

კვლავინდებურად პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, რათა კურსი იცვალოს დემოკრატიულმა უკუსვლამ და ამ პერიოდში ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს”, – თქვა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

“ქართული ოცნების” მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენება 2028 წლამდეა გადადებული; მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.

„ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედიაპლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით, აქვს მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა. ეს არის სრული უსამართლობა. ერთადერთი ახსნა და მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები“, – ნათქვამი აქვს “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის ბოლოს მიიღო.

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, რასა იუკნევიჩიემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

„მივესალმებით ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც თითქმის 200 დღეა, იბრძვიან ქუჩაში. ცივი ზამთრის დღეებში ისინი იდგნენ ქუჩაში და იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, აფრიალებდნენ ევროპულ დროშებს. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად პროევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ევროპელი ევროკავშირში. შესაძლოა, ჩვენ მიჩვეული ვართ ჩვენს ყოველდღიურ დემოკრატიას და ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. თქვენ ხართ არაჩვეულებრივები, თქვენ ხართ გმირები ჩემთვის და ბევრი ევროპელისთვის მრავალ ევროპულ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია. ხვალ ჩვენ კენჭს ვუყრით ანგარიშს და ვიმედოვნებ, რომ მას დაამტკიცებენ, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მას მხარს უჭერს. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ყოველ კვირას ამ ანგარიშის შესწორება ახალი მტკიცებულების, რეჟიმის მიერ გადადგმული ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო. ყველა იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეხვედრა გვქონდა, იქნებოდნენ ეს პროევროპელი ქართველები თუ ევროკავშირის ელჩები, იქმნებოდა საერთო შეგრძნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით, რომ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და ჩვენი შეხვედრების დროს რამდენჯერმე იყო ნახსენები ლუკაშენკოს რეჟიმი, რადგან ვითარება სულ უფრო უახლოვდება იმას, რაც საბოლოოდ მივიღეთ ბელარუსში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობს იმავე მიმართულებით. ყველა მათგანი ამბობდა, რომ საჭიროა სანქციები რეჟიმისთვის. სანქციები მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაშიც კი ნახსენები იყო სახელები და მრავალი ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამის ცოდნა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ ბოლო დღეებში მივიღეთ შეტყობინება, რომ ორი უკანასკნელი ძლიერი დამოუკიდებელი ტელეარხი, რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობენ მაუწყებლობას, დახურვის პირას არის უახლოს დღეებში. ეს იქნება სიტყვის თავისუფლების დასასრული. მზია ამაღლობელი – ჩვენ გვსურდა მისი ციხეში მონახულება, ვითხოვეთ ნებართვა, თუმცა ნება არ დაგვრთეს. ეს მამაცი ჟურნალისტი გახდა საქართველოში დღეს დაპატიმრებულების სიმბოლო. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მას ჩვენი სოლიდარობა. სამოქალაქო საზოგადოება დარჩენილია ყოველგვარი რესურსის გარეშე და იმ დროს, როდესაც USAID-იც გავიდა, ეს არის უზარმაზარი ზიანი ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, ხვალ იქნება ანგარიში, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას, რომ გვქონდეს სასწრაფო რეზოლუცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით შემდეგი პლენარული სესიისთვის, თუ სხვა ჯგუფები დათანხმდებიან. ვფიქრობ, დროა, გავაკეთოთ ეს. კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მათრახი და თაფლაკვერი, რასაც ევროკომისია ითხოვს ამჟამინდელი რეჟიმისთვის, არ მუშაობს და საერთოდ არ იმუშავებს. მხოლოდ ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სხდომაზე ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის მისიის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 26-28 მარტს შესრულდა.

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია, ქეთი ქერაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button