მნიშვნელოვანისიახლეები

ანა დოლიძე და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ანა დოლიძემ.

როგორც პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხისთვის“ დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.

“მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავიდეთ კოალიცია “ძლიერი საქართველოდან” და დავუბრუნდეთ დამოუკიდებელ საქმიანობას.

დიდი მადლობა ნდობისთვის ყველა ადამიანს, ვინც არჩევნებში ხმა მისცა პარტიას პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის და ამავე დროს ენდო “ძლიერ საქართველოს.”

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული.

ამავე დროს, ჩვენ შევქმენით კოალიციური თანამშრომლობის მშვენიერი ტრადიცია, რასაც აუცილებლად დავნერგავთ და გავაგრძელებთ მომავალშიც, რაც ასე ჭირს ქართულ პოლიტიკურ კულტურაში. თუმცა, ახლა დრო არის, რომ პარტია “ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან და ეს თანამშრომლობა გადის ახალ ეტაპზე, ვინაიდან გვაქვს ამბიცია გავხდეთ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამკვირვებელი წევრი.

ვფიქრობთ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს პარტია “ხალხისთვის”, განაგრძოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მნიშვნელოვნად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ არჩევანს”, – წერს დოლიძე.
დაახლოებით ერთი წლის წინ, 2024 წლის ივლისში, ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ლელო“, „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებდნენ მონაწილეობას. ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით, ამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმაც“.

მსგავსი პოსტები

Back to top button