მნიშვნელოვანისიახლეები

სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველო დამოუკიდებლად აღარ იარსებებს

განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს

განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების სამმართველო დამოუკიდებლად აღარ იარსებებს. ის შეუერთდება სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს. ინფორმაცია მედიაში გავრცელების შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა.

ინკლუზიური განათლება არის პროცესი, რომელშიც ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე თანატოლებთან ერთად მონაწილეობს. ამავდროულად, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებები.

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ამ გადაწყვეტილებით, სამმართველოების გაერთიანებით „არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა“.

შშმ პირი, აქტივისტი ანა სიხაშვილი ამბობს, რომ ამ პროცესით ჩანს, რომ ინკლუზიური განათლება აღარ არის მნიშვნელოვანი.

„როდესაც შენ ამას აუქმებ და აერთიანებ სხვა საკითხებთან, ეს ნიშნავს, რომ ეს აღარ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას“, – უთხრა მან „TV პირველს“.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნება, რომ სამინისტროს სტრუქტურის ოპტიმიზაციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.

“შედეგად, აქამდე არსებული ინკლუზიური განვითარების სამმართველოს მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა.

აქვე მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა და მას ინკლუზიური განათლების კომპონენტი დაემატა. მანდატურის სამსახურში ფუნქციონირებს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ მიმდინარე და ახალ სერვისებზე, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობა და გავაუმჯობესოთ განათლების ხარისხი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა. ამას მოწმობს 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია.

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს და კიდევ უფრო აძლიერებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით მუშაობას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button