მნიშვნელოვანისიახლეები

“ელჩები დადიან სასამართლო პროცესებზე, სადაც საერთოდ არ ესმით ქართული ენა და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ,”-ოცნება

ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, მშვიდობა კვლავ ხდება რეგიონული და მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე სასურველი მიზანი, ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კვლავ უნდა აქციონ დიპლომატია ურთიერთგაგების, მშვიდობის დამყარებისა და თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს საშუალებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

„სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.

სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად და „რევოლუციის“ გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, „მსოფლიო რევოლუციის“ წახალისებას ისახავდა მიზნად.

როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს საბჭოთა პერიოდიდან ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ „მეორე მდივანს“ დანახვისთანავე ვცნობთ.

გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ“ ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა… პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია, ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა – ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად“. ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.

ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით“. როდესაც დიპლომატები თავიანთი საეჭვო ქმედებების გამო ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.

ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს“, – წერს პაპუაშვილი.

“ელჩები დადიან სასამართლო პროცესებზე, სადაც საერთოდ არ ესმით ქართული ენა და უბრალოდ, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მოახდინონ,” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც დიპლომატების როლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ბატონ ჰერჩინსკიზე შემიძლია ვთქვა როგორ აქტიურობს და როგორ განცხადებებს აკეთებს. გერმანიის ელჩი აქტიურობს და შემდეგ უწევს ხოლმე ახსნა-განმარტებების კეთება ძალიან ბევრ საკითხზე. საფრანგეთის ელჩს, რომელმაც გრანტების კანონის მიღებამდე ერთი საათით ადრე გასცა გრანტი კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობაზე” და დღემდე ვერ ვიხილეთ მისი მხრიდან ვერანაირი ახსნა-განმარტება.

ნოემბრის აქციების დროს, როდესაც იყო ძალადობრივი აქციები, შტურმი პარლამენტზე, შტურმი ჩვენს პოლიციელებზე, მათგან ერთი კრიტიკა ვერ მოვისმინე და, პირიქით, ისინი ამას უწოდებდნენ მშვიდობიან აქციებს, როდესაც ამისი მეასედიც რომ მოხდეს მათ ქვეყნებში, სხვა ტიპის რეაქცია ექნებათ,” – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, “დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველანაირ ზღვარს გადასცდა.” ამ სიტყვებით სოსიაშვილი დიპლომატების როლის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველანაირ ზღვარს გადასცდა, ყველანაირი ხაზები გადაკვეთა იმ თვალსაზრისით, რომ მათ უხეშად დაარღვიეს ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. [ეს მუხლი] მათ პირდაპირ ავალდებულებს, რომ ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ასე უხეშად აფათურებენ ხელს ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში”, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის შეფასებები აზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

საუბარია პაპუაშვილის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ევროპელი პარტნიორები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.

“ქართველი ხალხისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობაში არიან, აპროტესტებენ ხელისუფლების მიტაცებას, არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ქვეყნის ევროპული და დასავლური კურსის ცვლილებას, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სჭირდებათ საგარეო მხარდაჭერა, რადგან ფაქტია, რომ ჩვენი ფაქტობრივი ხელისუფლება არის ხალხის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი მუდმივი მეგობრები ვინც არიან, ისინი არიან ხალხის გვერდით,” – აღნიშნა “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, გიორგი სიორიძემ.

ოპოზიციის თქმით, იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ევროპელები გულგრილები ვერ იქნებიან.

“სუნთქვის უფლება არ წაურთმევიათ ერთი საკანონმდებლო ინიციატივით ბოლო თვეების განმავლობაში, დანარჩენი ყველა უფლება წაგვართვეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ევროპელი დიპლომატი ჩუმად ვერ დაჯდება და ვერ იქნება გულგრილი ამ პროცესის მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს,” – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button