ტექნიკური დახმარებისთვის, საექსპერტო დახმარებისა თუ ცოდნის გაზიარებისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებებს კენჭისყრაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
სადავო პარლამენტი კიდევ უფრო ამკაცრებს „გრანტების შესახებ“ კანონს და კანონპროექტით, რომლის მიღებასაც გეგმავს, ტექნიკური დახმარებისთვის, საექსპერტო დახმარებისა თუ ცოდნის გაზიარებისთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობა იქნება საჭირო.
კანონპროექტი დაჩქარებული სახით განიხილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ერთ კვირაში მიღებაა შესაძლებელი.
„კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის შესახებ ჩანაწერი. შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად“, – თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მანვე დამატებით აღნიშნა, რომ „ასევე ზუსტდება გრანტის გამცემი სუბიექტები: მკაფიოდ აქაც მიეთითება, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის გაცემული ფინანსური სახსრები შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად“.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა „ერაზმუს+“-ის (Erasmus+), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.
მისივე თქმით, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომლებიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.
„გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოურ გრანტებზე შემოღებულ იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კიდევ მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა რეგლამენტირებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართვა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი, ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და, ამდენად, ისინი შეიძლება, არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. მით უმეტეს, არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო-სამეცნიერო სფეროზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
კიდევ ერთხელ გამკაცრება კანონისა, რომელიც საქართველოში ზღუდავს დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჭეიშვილმა „ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვით“ ახსნა.
ამავე მიზეზით დაახლოებით ერთი თვის წინ სადავო პარლამენტმა „გრანტების კანონში“ შეიტანა ცვლილება, რომლითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
ცვლილებების შედეგად:
გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს – „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
დამატებით 21 მაისს სადავო პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ (არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, აკაკი ალადაშვილი) და ამავე პარტიას გამოყოფილი „ხალხის ძალის“ (გურამ მაჭარაშვილი) წევრებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც კიდევ უფრო ზღუდავს დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფუნქციონირებდნენ.