მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძე 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა

2024 წლის ნოემბერში მელიქიშვილის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის სინდისის პატიმარს, მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას სინდისის პატიმარი არ დაესწრო. მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა,განაცხადა: „იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი. დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ. მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, რომ მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა დაიწყეს [გამოსვლა], ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“.
გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, ასევე ეზოში მათე დევიძის ახლობლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ადგილზე მისულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა.
შსს ირწმუნება, რომ 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ” სამართალდამცველებს. კერძოდ, შსს-ს მტკიცებით, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა 3 პოლიციელს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.
მათე დევიძე 21 ნოემერს დააკავეს.
შეგახსენებთ მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართა პატარა დარბაზში, სადაც 35 ადამიანზე მეტი არ ეტევა – სხდომას ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დევიძის მეგობრების და გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა პროცესზე დასწრება ვერ შეძლო. მანდატურებმა სასამართლოში მისული მოქალაქეების ნაწილი ძალის გამოყენებით გამოაძევეს სასამართლოს შენობიდან. სასამართლოს ეზო, სადაც პოლიციელების სიჭარბეა, სავსეა დევიძის მხარდამჭერებით. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაიცვან კანონი და მოქალაქეები.
მათე დევიძეს 21 წელი საპატიმროში შეუსრულდა. იგი 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, არჩევნების შედეგების – რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს – წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
ბრალდების მტკიცებით, მათე დევიძე სამართალდამცავებს 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე „მოულოდნელად დაესხა თავს ჯოხის მსგავსი საგნით“. მას პროკურატურა სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავება – პროკურატურამ სამივეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათე დევიძის პოზიციაა, რომ ჯოხი თავდაცვის მიზნით მოიქნია.
მისი საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს დაიწყო. საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები ნინო გალუსტაშვილი და ჯვებე ნაჭყებია.
33 წლის ნინო გალუსტაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.