მნიშვნელოვანისიახლეები

23 ივნისს პარლამენტში გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს ხელმეორედ ელოდებიან

23 ივნისს პარლამენტში გამოკითხვაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას ხელმეორედ ელოდებიან. როგორც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, კითხვები ეხება ჩორჩანას საგუშაგოს, წაღვლის და მიმდებარე სოფლების თემას, რომელთან დაკავშირებითაც, მისი თქმით, გახარიამ წარსულში აღნიშნა, რომ ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს.

„23 ივნისს ჩვენ ხელმეორედ გამოვკითხავთ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. შეტყობინების ეს პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, რათა გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც, მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის ახსნა-განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ, რუსეთი უფრო ღრმად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ მას დამატებითი კითხვები დავუსვათ.

ასევე კითხვები დაისმება – და შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა – 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან დაკავშირებით, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომისია დამატებით გაარკვევს გახარიას გადაწყვეტილების პერიოდს, მის გადადგომას, ოპოზიციაში გადასვლას და მის პარტიულ საქმიანობას საერთაშორისო ასპარეზზე.

ოპოზიციური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, რომელიც წლების წინ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, კიდევ ერთხელ დაიბარეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამაზე ცნობილი გახდა დღეს, 16 ივნისს.

კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ ლიდერი და გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება. იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არცერთი სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ ნაბიჯით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავსო“, – თქვა თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას 23 ივნისს კითხვებს დაუსვამენ ოპოზიციაში ყოფნის დროს „საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის“ შესახებაც.

მოგვიანებით გიორგი გახარიას თანაგუნდელმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნაში ყველა „შესაბამისი უწყება“ იყო ჩართული.

„​ჩორჩანას ეპიზოდი იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება… ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ამის უკან რა პროცესიც წარმოებს, გინდათ პროკურატურის, გინდათ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

კომისიაში გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ. მას კითხვები დაუსვეს ოპოზიციაში გადასვლის მიზეზებსა და ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგუშაგოს გახსნაზე.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.

ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.

ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
14 ივნისს კი ამავე საკითხზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა გახარიას მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი წევრი, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. მისი თქმით, „შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“.

ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის დასრულების შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც გაირკვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

გახარიას კიდევ მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, მძიმე შედეგები დამუქრებოდა ქვეყანას და საზღვართან მცხოვრებ თანამოქალაქეებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიამ ტყუილი თქვა, თითქოს ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის შემდეგ საოკუპაციო ძალებს ტერიტორიები არ დაუკავებიათ.

„საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მხრიდან ჩვენ დიდი ტყუილი მოვისმინეთ, რომ თითქოს ჩორჩანას ინციდენტის შემდგომ საოკუპაციო ძალებს და მარიონეტულ რეჟიმს არანაირი ტერიტორიები არ დაუკავებიათ, თითქოს საგუშაგოს გახსნა საოკუპაციო ძალების მხრიდან მსგავსი ქმედებების პრევენცია იყო. სინამდვილეში საზოგადოებამ შედეგი ძალიან მალე გაიგო, იმავე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადგილობრივი მცხოვრები პირის დაკითხვისას. მან პირდაპირ თქვა, რომ ტყით, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები სარგებლობდნენ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სამწუხაროდ ვეღარ სარგებლობენ, რადგან სწორედ ამ ინციდენტის შემდგომ მოხდა ტყის მასივის დაკავება. ამ სრულიად პროვოკაციულ ნაბიჯს კიდევ უფრო მეტად მძიმე შედეგების მოეტანა შეეძლო ჩვენი რეალობისთვის და საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ საგუშაგოს გახსნის შემდგომ საოკუპაციო ხაზმა კვლავ გადმოიწია.

დღეს ჩემმა კოლეგამ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა, და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, როდესაც საკითხი შეთანხმებული იყო ჩვენს პარტნიორებთან, ხელისუფლების მიერ იყო დაყენებული და – არა ერთი კონკრეტული მინისტრის ახირებით – ორი საგუშაგო გახსნილი, ერთი პერევში და მეორე გორთან. ეს საგუშაგოები დღესაც მოქმედებს და ამ ტერიტორიაზე არანაირი საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ამიტომ, ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს. არ ვიცი, გიორგი გახარია ამას რომ აცხადებდა, რისი იმედი ჰქონდა, საზოგადოება ვერ შეიტყობდა, მიჩქმალული იყო ეს საკითხი თუ იმ ტყით იქ მცხოვრები ქართველი თანამოქალაქე რომ სარგებლობდა და ახლა ვერ სარგებლობს, ამას წინ დაუდგებოდა? ამიტომ, მას მოუწევს მობრძანება და ამ კითხვებზე კიდევე ერთხელ პასუხის გაცემა. რა როგორ მოხდა და რატომ მიიღო მან ის გადაწყვეტილება, რომლითაც შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დამუქრებოდა ჩვენს ქვეყანას და საზღვართან მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. გიორგი გახარია არის დაბარებული კომისიაზე და, ბუნებრივია, მან უნდა გააკეთოს განმარტებები. შესაბამისად, გახარიამ ძალიან კარგად იცის, კომისიაზე თუ არ გამოცხადდება, რა ბედი ეწევა ამ კანონის დანაწესის დამრღვევ პირს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button