2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 6 წელი გავიდა

დღეს 20 ივნისია – 2019 წლის მოვლენებიდან ზუსტად 6 წელი გავიდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, აქციის დაშლის დროს, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის მაისში გამოიტანა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რაიმე შენიშვნა არ გამოთქმულა საქართველოს კანონმდებლობასთან, მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნა, რამდენად შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას ოპერაციის დაგეგმვა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან ის მინიმალიზებული ყოფილიყო.
“სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციის შემდგომ გვყავს დაზარალებული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ისეთი სახის დაზიანებები, რომელიც მათ, სამწუხაროდ, სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. ბუნებრივია, ყველაფერმა ამან გააჩინა თავის დროზეც კითხვები და ამას კიდევ დაემატა ის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ მოიკვლიოს, ხომ არ ჰქონდა ისეთ მოქმედებებს ადგილი ოპერაციის განხორციელების დროს, რომლის საჭიროებაც უბრალოდ არ არსებობდა და უბრალოდ არაპროფესიონალურ მოქმედებებზე ხომ არ არის საუბარი. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფოს ვალდებულებაც აქვს ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი მოიკვლიოს და ამასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ გარკვეული მოკვლევა მიმდინარეობს,“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი.
“გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული,” – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ 2010 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში, გარკვეულწილად, თავადაც ეთანხმებიან.
“სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმ შემთხვევაში, თუ ხდება თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შენობებზე და პოლიციის წარმომადგენლებზე. რაც შეეხება უშუალოდ, ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს და რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოძიება უფრო ეფექტურად უნდა ჩატარებულიყო, ამაში გარკვეულწილად, ჩვენც ვეთანხმებით. საუბარია სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, როდესაც ხდება თავდასხმა პოლიციაზე, პარლამენტის შენობაზე, სხვა სახელმწიფო შენობებზე, ეს ძალა უნდა იყოს პროპორციული, სწორად დაგეგმილი და სწორად გამოყენებული.
აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად ჩვენც გვაქვს შეკითხვები და შესაბამისად, გამოძიება ნათელს მოჰფენს იმას, იყო თუ არა ძალა პროპორციულად გამოყენებული, ხომ არ ჰქონდა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ძალის გამოყენებას და ა.შ.” – განაცხადა პაატა სალიამ.
დღეს 20 ივნისია. დღე, როდესაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა, სტრუქტურა და ფორმა. ეს არის დღე, როდესაც წლების განმავლობაში ზიზღის რიტორიკით ნაკვები აქტივისტები, განსაკუთრებით კი მათი მოწყვლადი და ეგზალტირებული ნაწილი, „ნაცმოძრაობის“ რევანშისტმა პოლიტიკოსებმა ბრძოლის ველზე გამოიყვანეს და პარლამენტის ასაღებად მიუშვეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც გვახსოვს, პარლამენტზე განხორციელებული შტურმი შიდა და გარე რადიკალებმა „ხალხის გულწრფელ პროტესტად“ მონათლეს და მას შემდეგ ეს პროპაგანდისტული ხრიკი ძალადობრივი რევოლუციის ყოველი მცდელობისას გამოიყენება.
ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი განხორციელდა, ხუთი წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად დაადასტურა.
20 ივნისს ჩვენ დავინახეთ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, 2003 წლის ინსტრუქციით მოქმედება და ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსვლა გადაწყვიტეს.
ქუჩის ძალადობრივი პროცესის ინსპირირებისთვის „ნაცმოძრაობა“ და მათი პარტიული მედია წლების განმავლობაში მსმენელთა ტვინებს რეცხავდა, მოვლენების ადეკვატურად გააზრების უნარს უდუნებდა და ზიზღით ავსებდა. ჩვენ გვახსოვს მათი მოძღვრება, რომ „21-ე საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს“ და მათი დაუღალავი მცდელობა, მცდარი, მათთვის სასურველი აღქმების გასაღვივებლად.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს ეს წინაპირობები – ფაქტებზე აღქმების გაბატონება – რითიც გავრილოვის ინციდენტის ფონი შემზადდა, რათა, ნაცვლად ტრივიალური ექსცესისა, ამბავი წინასწარ დაგეგმილ ბოროტ განზრახვად შერაცხულიყო. შედეგად, ჩვენ ბევრი ემოცია, ისტერია, აგიზგიზებული ცეცხლი, მისხმული ნავთი, ველური ქცევა და გიორგი გახარიას სამწუხარო როლიც ვიხილეთ.
ეს ყველაფერი გვახსოვს. მაგრამ ექვსი წლის თავზე გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით ცხადად და აშკარად ჩანს. მთავარი, რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში; ჩვენ ვნახეთ უცხოელების ჩართულობა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მათ მიერ არა მხოლოდ მხარის არჩევა, არამედ დადასტურებულად დამნაშავე მხარის არჩევა და, ისევე როგორც დღეს, ძალადობისა და ექსტრემიზმის გამართლება. მეტიც, ამ მოძალადე ჯგუფების შემდგომი დაფინანსების უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გირაო, სწორედ 20 ივნისის საქმეზე, ევროკავშირის ინსტიტუციამ გადაიხადა. მოგვიანებით იმასაც შევიტყობთ, რომ 20 ივნისის მოძალადეების – „სირცხვილია“, „დროა“ და სხვები – ორგანიზებულ ჯგუფებად ქცევა და ქუჩის კამპანიების უზრუნველყოფა მთლიანად უცხოურმა დონორულმა ორგანიზაციებმა მოახდინეს.
20 ივნისის მთელი მორალი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ქუჩაში ვხედავთ, ოდიოზურ გამოსვლებს, ფსევდოპროტესტის მარაზმატულ ფორმებს, რომლებიც ჩვენს, თუნდაც საპროტესტო ტრადიციის, არც ეთიკას და არც ესთეტიკას არ შეესაბამება, აბსოლუტურ რადიკალიზაციას, ექსტრემიზმს, კულტურისა და ცივილიზაციის გაუქმებას – ყველა ამ ქცევის დასაწყისად სამართლიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2019 წლის 20 ივნისის ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე.
საქართველოს აქვს სამოქალაქო ომის უმძიმესი გამოცდილება. საქართველოს აქვს ვითომ ხავერდოვანი რევოლუციის ასევე მძიმე გამოცდილება, რომლის ტალღაზე მოსულმა ავანტიურისტებმა ქვეყანას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს. მიუხედავად ამ წარსულისა, სიცრუითა და აღქმებით მანიპულატორი თუ მავნებელი აქტორები, უკვე მერამდენე წელია, ქვეყნის იმავე უფსკრულში გადაჩეხვას ლამობენ.
იმიტომ, რომ ისინი არიან გაკოტრებულები, ზნისგან დაცლილნი და სასოწარკვეთილები; იმიტომ, რომ მათ სურთ მხოლოდ რევანში და ამისთვის შეუძლიათ იკადრონ ყველაფერი; იმიტომ, რომ არიან უმცირესობა და სურთ აგრესიით დათრგუნონ უმრავლესობა; იმიტომ, რომ არ აქვთ შიდა დასაყრდენი და დაუფიქრებლად ეკვრებიან უცხოს, გარეშეს, სხვა დღის წესრიგის მქონე ძალებს; იმიტომ, რომ მათ არ უყვართ თავიანთი ქვეყანა, საიდანაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, თუ ისინი არ იქნებიან სასურველ ადგილას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
20 ივნისის საქმეზე აუცილებელია არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ამ საკითხის გამოძიების ვალდებულება არ მოხსნია და უახლოეს პერიოდში შესაბამისი დასკვნები უნდა დაიდოს.
„პროვოკაციების მთელი წყობა იყო, გავრილოვიც იქ არ უნდა აღმოჩენილიყო, სადაც აღმოჩნდა. ძალიან მობილიზებული, სწრაფი კონტრშეტევა და რეაგირება გააკეთეს იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც პარლამენტში იმყოფებოდნენ, მომზადებულები, დროშებით, პლაკატებით დარბაზში შემოცვივდნენ. ესეც ეჭვებს ბადებდა, მაგრამ როგორც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, დღის წესრიგში რაიმე ანგარიშსწორების თემა არ არის. აუცილებელია არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს საშუალებები, ეს სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, როდესაც შეტევა ბრუტალურია, არამედ ის, რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ თავად პოლიციელები სერიოზულად დაშავდნენ, საათების განმავლობაში მათზე შეტევა მიმდინარეობდა, როდესაც შეიძლებოდა, სხვანაირად დაგეგმილიყო. ადამიანებს მიადგათ ფიზიკური ზიანი, მათ სიცოცხლეს და ცხოვრებას კვალი დაამჩნია. ქვეყანას ამ საკითხის გამოძიების ვალდებულება არ მოხსნია და უახლოეს პერიოდში შესაბამისი დასკვნები უნდა დაიდოს“, – განაცხადა გია ვოლკსიმ.
რაც შეეხება ანგარიშსწორებას, როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ამაზე საუბარი არ იქნება, თუ გამოძიება მტკიცებულებებზე დაყრდნობით ისეთ დასკვნას დადებს, რომელშიც ეჭვი არავის არ შეეპარება.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციის წინა პერიოდსაც პროვოკაციის სახე ჰქონდა, ასევე გავრილოვის მოქმედებებსაც, მასზე რეაგირებასაც და პოლიციელებზე ასეთ მომზადებულ შეტევას. საათების განმავლობაში პოლიციელების დამცირება, სახელმწიფოზე შეტევა და ამაზე რეაგირების გადაჭარბებული ფორმა არის ის, რაც გამოძიების აუცილებლობას ქმნის, სულაც რომ არ იყოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ალბათ, მთავარი საპირწონე უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ.” – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი 20 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
“ჩვენ რაც ვიხილეთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, აქ იყო ბევრი კითხვაც და ბევრი პასუხიც, მაგრამ ალბათ მთავარი საპირწონე ეს უნდა იყოს სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც თქვა, რომ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმს და ა.შ. თუმცა, ამავე სასამართლომ დასვა კითხვები მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციულად იყო გამოყენებული ესა თუ ის ძალა და რაც მთავარია, შეიძლებოდა თუ არა ამ ძალის თავიდან არიდება. ამიტომ, ამ კითხვებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება პასუხები,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.
………………
“20 ივნისს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კითხვები დაისვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თუმცა, გიორგი გახარიას მხრიდან არადამაკმაყოფილებელი პასუხები გაიცა.
“20 ივნისთან დაკავშირებით, მართალია ჩვენ გვქონდა კითხვები კომისიაზე და პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი გახარიას მხრიდან. მაგრამ, ფაქტი რჩება ფაქტად, სამწუხაროდ. 20 ივნისს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს. მაგალითად, პოლიცია რატომ იყო ჭიშკრის გარეთ პირდაპირ რადიკალური აქციის მონაწილეებთან და არა ჭიშკრის შიგნით. ბევრი ფაქტი იყო, ვინ გასცა ბრძანება დღემდე გახარია ამას არ ამბობს. თავიდან ამბობს, რომ მე ვიღებ ჩემს თავზე ყველაფერსო და შემდეგ, კომისიაზე უარყო, არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია ეს ბრძანებაო. ანუ, პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ პოლიციელებს შეაწმინდა ხელი. ასე, რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხები არის საჭირო,“ – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
“ერთი მხრივ, იყო აშკარა, რომ ხდებოდა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც იმ დღეს ხდებოდა” – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, ამ მიმართულებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასევე მნიშვნელოვანია.
“ერთი მხრივ, იყო აშკარა, რომ ხდებოდა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების. თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიებები იქნა გამოყენებული ამ ჭრილში და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც იმ დღეს ხდებოდა. ამ მიმართულებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასევე მნიშვნელოვანია. კითხვები აქაც არის აქტუალური. მით უმეტეს, იმ მოვლენების შემდგომ, რაც 20 ივნისს მოჰყვა და იმ ძალადობრივი აქციების ფონზე, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართა, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად სხვა ფორით საპოლიციო ღონისძიებები,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ 20 ივნისის შემდეგ 6 წელი გავიდა და დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად, ვინ გასცა ბრძანება.
“6 წელი გავიდა 20 ივნისის შემდეგ და ეს უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების წინაშე ჯერ კიდევ გამოუძიებელია. სამწუხაროდ, არავის, მათ შორის იმ პირებს, ვინც ოპოზიციაში გადავიდნენ, დღემდე არ უსაუბრიათ ღიად და გულწრფელად ვინ გასცა ბრძანება, რა ტიპის დანაშაულებრივი შეცდომები იქნა დაშვებული,“ – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
20 ივნისთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა “სტრატეგის აღმაშენებელის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.
“რა თქმა უნდა, ხალხთან ლაპარაკი შეიძლებოდა, დიალოგი შეიძლებოდა. ჩვენ ამისთვის ვიყავით განწყობილი. ზემდგომი პირების, მათ შორის უმრავლესობის ლიდერების გადაწყვეტილებით, როგორც ვიცით, გადაწყდა, რომ თვალები დაეთხარათ დათვის ტყვიებით ხალხისთვის,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
20 ივნისი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არის სახელმწიფო უმაღლეს ინსტიტუტზე შტურმის მიტანის მცდელობა, რომელშიც პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ შტურმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისზე ვინმეს პასუხისმგებლობა თუ მიუძღვის, ეს არიან ირაკლი კობახიძე და ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახდენდნენ შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე.
„20 ივნისი არის დღევანდელი ე.წ. პრემიერის, ბატონი კობახიძის მიერ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანის და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დიდი პატივით დასმის დღე. შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ 20 ივნისი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არის სახელმწიფო უმაღლეს ინსტიტუტზე შტურმის მიტანის მცდელობა, რომელშიც პასუხისმგებლობა ეკუთვნით იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამ შტურმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო შტურმი და დაადასტურა, რომ ამ შტურმის მოგერიება და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოს დაცვა იყო აუცილებელი, მათ შორის პროპორციული ღონისძიება, რომელიც უნდა გაეტარებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ვინმეს 20 ივნისზე პასუხისმგებლობა თუ მიუძღვის, ეს, ერთი მხრივ, ბატონი კობახიძეა, რომელმაც საქართველოში გავრილოვი ჩამოიყვანა და, მეორე მხრივ, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახდენდნენ შტურმს საკანონმდებლო ორგანოზე. პასუხისმგებლობაზე თუ საუბრობთ, პირველ რიგში, ისაუბრეთ „ნაცების“ და „ქოცების“ პასუხისმგებლობაზე. გიორგი გახარია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ის ვალდებული იყო, სახელმწიფო ინსტიტუტი შტურმისგან დაეცვა“, – განაცხადა შარაშიძემ.
20 ივნისს საქართველოს ისტორიაში იყო პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაარბიეს. ეს საქმე სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ.
მისივე თქმით, 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ არც მოქმედი და არც ყოფილი მაღალჩინოსნები არ უნდა გაექცნენ.
„20 ივნისს ადამიანებმა თვალისჩინი დაკარგეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაარბიეს. ჩემთვის აქედან იწყება თარიღების ათვლა და ამის გაგრძელება ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრიდან, სადაც ყველა დღე 20 ივნისი იყო რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სრულფასოვანი გამოძიება, არც მოქმედი და არც „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ივანიშვილის ხელით გამოძიებული, არც ჩემი ხელით, ეს უნდა გამოიძიოს რეფორმის შემდგომ სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჯიბის სასამართლოს და პროკურატურის ეპოქა უნდა დასრულდეს“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
დღეს 20 ივნისია. 2019 წლის მოვლენებიდან ზუსტად 6 წელი გავიდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, აქციის დაშლის დროს, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის მაისში გამოიტანა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რაიმე შენიშვნა არ გამოთქმულა საქართველოს კანონმდებლობასთან, მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნა რამდენად შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას ოპერაციის დაგეგმვა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან ის მინიმალიზებული ყოფილიყო.