„ამერიკის ხმის“ თითქმის მთელი რედაქცია დაითხოვეს სამსახურიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა 20 ივნისს „ამერიკის ხმის“ დარჩენილი თანამშრომლების უმეტესობაც დაითხოვა სამსახურიდან.
აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) უფროსმა მრჩეველმა, კერი ლეიკმა განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ შეტყობინება „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა.
„სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება USAGM-ისა და „ამერიკის ხმის“ 639 თანამშრომელს გაეგზავნა, რაც გაბერილი, უპასუხისმგებლო ბიუროკრატიის დაშლის მიზნით დიდი ხნის ძალისხმევის ნაწილია“, – განაცხადა ლეიკმა.
20 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში კერი ლეიკი წერს, რომ სააგენტოში – რომლის ნაწილიც არის „ამერიკის ხმა“, – სამუშაო ადგილების 85% – ანუ ჯამში 1400 პოზიცია, – გაუქმდა.
ლეიკის ცნობით, USAGM-ში, „ამერიკის ხმასა“ და „კუბის მაუწყებლობის ოფისში“, მუშაობას 250 თანამშრომელი გააგრძელებს.
„ამერიკის ხმის“ საიტები – როგორც ინგლისურენოვანი, ასევე რეგიონული სამსახურები, მათ შორის ქართული რედაქცია, – მარტის შუა რიცხვებიდან არ განახლებულა.
მართალია, ირანული სამსახურის დროებით დათხოვნილ თანამშრომელთა ნაწილი ისრაელ-ირანს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვის ფონზე სამსახურში გამოიძახეს, თუმცა დღეს მათ უმრავლესობასაც მიუვიდა შეტყობინება დათხოვნის შესახებ.
სამთვიანი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, ლეიკის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შედეგად, „ამერიკის ხმის“ თანამშრომელთა რაოდენობა 1 სექტემბრიდან რადიკალურად შემცირდება.
ლეიკმა „ამერიკის ხმას“ არაერთხელ უწოდა დისფუნციური, მის სარედაქციო პოლიტიკას კი „მიკერძოებული“. იგივე პოზიციაზე იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.
„მოსკოვი, პეკინი, თეირანი და ექსტრემისტული დაჯგუფებები გლობალურ საინფორმაციო ველს დეზინფორმაციით, ანტი-ამერიკული პროპაგანდით წალეკავენ“, – ასე გამოეხმაურნენ დღევანდელ გადაწყვეტილებას USAGM-ის ის თანამშრომლები, რომლებსაც სასამართლო დავა აქვთ წამოწყებული სააგენტოს წინააღმდეგ.
„ეპოქა დასრულდა. დამთავრდა „ამერიკის ხმის“ 80- წლიანი მაუწყებლობა, მილიონებს შეუწყდა ეს ხმა მთელს მსოფლიოში, დაგვაკლდება გამალებული ზრუნვა ქართული აუდიტორიისთვის და დავაკლდებით მასაც“, – წერს ანა კალანდაძე, ვაშინგტონში „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.
ლეიკი წერს, რომ „ამერიკის ხმაში“ მუშაობას აგრძელებს თანამშრომელთა „კანონით გათვალისწინებული მინიმალური ოდენობა“. ლეიკი უშუალოდ „ამერიკის ხმაში“ დარჩენილი სამუშაო ადგილების რიცხვს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ USAGM-ში 250 სამუშაო ადგილი დარჩება.
აქედან 33 თანამშრომელს შეინარჩუნებს „კუბის მაუწყებლობის ოფისი“ (OCB), დანარჩენი 217 კი, სავარაუდოდ, უშუალოდ USAGM-სა და „ამერიკის ხმას“ შორის გადანაწილდება.
დონალდ ტრამპმა 14 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც უნდა შემცირდეს შვიდი ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს ამერიკის ხმას, სხვა ფედერალურ მაუწყებლებსა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში ცალ-ცალკე გაასაჩივრეს, – მათს სამართლებრივ სტატუსებს შორის განსხვავებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამოუკიდებელი მედიაკორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით.
გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) დროებითმა მმართველობამ მარტში გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას გაუყინა თანხა კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსებიდან, დაახლოებით 77 მილიონი დოლარი.
სასამართლო ბრძოლის შედეგად, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ რადიო თავისუფლების დაფინანსების შეჩერება გააუქმა. სასამართლო დავა გრძელდება – რადიო თავისუფლება, არაერთ ქვეყანაში კონტრაქტორების რაოდენობის შემცირებისა და პარალელურად პრაღის სათავო ოფისში იძულებითი, ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულების მიუხედავად, მაუწყებლობას აგრძელებს.
შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. ფედერალურმა მოსამართლეებმა „ამერიკის ხმის“ დახურვის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები რამდენჯერმე დაბლოკეს, თუმცა უფროსი მრჩევლის, კერი ლეიკის განცხადებით, მარტის შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.