მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 21 ივნისს პატიმრობა შეუფარდა აქტივისტ ნინო დათაშვილს, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ თავდასხმა. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ადგილზევე, სათათბიროდ გასვლის გარეშე მიიღო.

პროკურორის განმარტებით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა. ბრალდების მხარემ პატიმრობა “მომეტებულად დანაშაულებრივი საქმის გაგრძელების საფუძვლით” ითხოვა და ნინო დათაშვილის ქმედებას “საზოგადოებრივად საშიში” უწოდა.

ადვოკატმა კი პატიმრობის მოთხოვის მიზნად “ბრალდებულის დისკრედიტაცია” მიიჩნია. მისი თქმით, არ არსებობს შეესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა პატიმრობას ითხოვს – ყველა საფრთხეს თავისი სტანდარტი აქვს და თითოეულ მოთხოვნას მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს.
დღევანდელ სხდომაზე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოსა და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა.

სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც, აღნიშნა, რომ მას შეეძლო დაკავებამდე ქვეყნიდან წასულიყო, თუმცა, ის ასე არ მოიქცა. ამასთან, დათაშვილი მიუთითებდა, რომ მას ჰყავს შვილი და აქვს მასზე ვალდებულებები.

ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ნინო დათაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ თავად მიიჩნევს თან დაზარალებულად – “სამი დღე ლოგინიდან ვერ ავდექი ისე მტკიოდა ყველაფერი.. ტანზე აღმენიშნებოდა სილურჯეები და ნაკაწრები” თქვა მან და დასძინა, რომ არსად მიმალულა, კანონმორჩილი მოქალაქეა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.

9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა მოხდა აქტივისტ ნინო დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის. მანდატურები ნინო დათაშვილს სიტყვიერად აიძულებდნენ, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი განცხადებით, დგომა აკრძალული იყო სასამართლოს მითითებით. ამას ნინო დათაშვილის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი წინააღმდეგობა მოჰყვა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოშიც ჩანდა, რომ ნინო დათაშვილი სასამართლოს შენობიდან რამდენიმე მანდატურმა იძულებით გაიყვანა.

ის 20 ივნისს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button