მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა კვირას, ღამით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა

უკრაინის ოფიციალური უწყებების ცნობით, რუსეთმა 28 ივნისს, კვირას, ღამით უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა განახორციელა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 537 ერთეული საჰაერო შეტევის საშუალებები გაუშვა, მათ შორის 477 დრონი და სატყუარები და 60 რაკეტა.კრემლმა გამოიყენა 4 აერობალისტიკური რაკეტაც. მათგან 249 ჩამოაგდეს, ხოლო 226 დაკარგულად ითვლება — სავარაუდოდ, ელექტრონული ჩარევის შედეგად.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა იური იგნატმა სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ეს იყო „ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინაზე“, თუ გავითვალისწინებთ როგორც დრონებს, ისე სხვადასხვა ტიპის რაკეტებს. იერიში ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა, მათ შორის დასავლეთ უკრაინას, რომელიც ფრონტის ხაზიდან შორსაა.
კიევს მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, პოლონეთმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ავიაცია აამოქმედეს.

ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, დრონის იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ჩერკასის ოლქში დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, — განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა იგორ ტაბურეცმა.

საჰაერო იერიშები პუტინის მიერ პარასკევს გაკეთებული განცხადების შემდეგ განახლდა — რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი მზადაა სტამბოლში მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის. თუმცა ომს დამთავრების ნიშნები ჯერ არ ეტყობა — აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ძალისხმევას შედეგი ჯერ არ მოუტანია. სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ბოლო ორი შეხვედრა მცირე ხანს გაგრძელდა და რაიმე გარღვევა არ ყოფილა.

დიდ მანძილზე მოქმედი დრონებით იერიშები ომის ერთ-ერთ მახასიათებლად იქცა.

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, მარინოვკას აეროდრომზე უკრაინულმა სამხედრო ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა ორი Су-34 ტიპის ბომბდამშენი, ხოლო დაზიანდა კიდევ ორი.

“შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც მარინოვკას აეროდრომზე განადგურდა ორი რუსული Су-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და დაზიანდა კიდევ ორი”, – წერია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ აეროდრომის ტექნიკური მომსახურების ზონაში თავდასხმამ ასევე გამოიწვია ხანძარი.

რუსული ძალები ამ აეროდრომს თვითმფრინავების მისიებისთვის მოსამზადებლად, ასევე რუტინული ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად და დაზიანებული თვითმფრინავების შესაკეთებლად იყენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button