მეცნიერმა “ჯოკონდას” პორტრეტის უკან “ნამდვილი ლიზას” სურათი აღმოაჩინა
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი “ჯოკონდას” უკან ნაპოვნია კიდევ ერთი პორტრეტული გამოსახულება. ეს განხადება ფრანგმა მეცნიერმა და მკვლევარმა, პასკალ კოტმა გააკეთა.
მან აღნიშნული ტილოს შესასწავლად 10 წელი დახარჯა. ლუვრში, სადაც სურათი ინახება, მეცნიერის აღმოჩენაზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
კოტმა თავის გამოკვლევებში არეკლილი სინათლის ტექნოლოგია ანუ Layer amplification method გამოიყენა. მეცნიერის აზრით, მონა ლიზას პორტრეტის უკან “ნამდვილი ლიზაა” გამოსახული.
ცნობილია, რომ და ვინჩი ტილოს ფლორენციასა და პარიზში 1503-დან 1517 წლამდე ქმნიდა. გავრცელებული ვერსიით, მხატვარმა ფლორენციელი აბრეშუმით მოვაჭრე ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლე – ლიზა გერარდინი დახატა.
“ის სულ არ ჰგავდა ახლანდელ მონა ლიზას, ეს სულ სხვა ქალია”, – ლიზა გერარდინის გამოსახულების რეკონსტრუქციისა და ლეონარდოს შედევრთან შედარების შემდეგ განაცხადა კოტმა.
ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, სურათი ინფრაწითელი გამოსხივებისა და მულტისპექტრალური სკანირების მეთოდებით არაერთხელ გამოიკვლიეს, მაგრამ ფრანგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მისი მეთოდი ტილოს სტრუქტურას უფრო სიღრმისეულად იკვლევს.
“ვფიქრობ, რომ მიღწეული შედეგები ტილოს შექმნის შესახებ მრავლობით მითებს უარყოფს და ლეონარდოს შედევრის უწინდებურ აღქმას სამუდამოდ შეცვლის”, – დასძინა კოტმა.