მნიშვნელოვანისიახლეები

მიქანაძემ წულაძე ჩაანაცვლა-საქართველოს ახალი განათლების მინისტრი ეყოლება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძე წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგზე, ახალი მინისტრი მას შემდეგ დასახელდა, რაც დღეს, 30 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. მისი სამადლობელი და გამოსამშვიდობებელი განცხადება სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე, გივი მიქანაძე არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. მე მინდა, მას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროში, რასთან დაკავშირებითაც ორიოდე დღის წინ, დეტალური ანგარიში ჩავაბარეთ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ალექსანდრე წულაძეს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში.

რაც შეეხება ახალ მინისტრს, მინდა წარმოგიდგინოთ გივი მიქანაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. ორი სიტყვა მინდა, რომ ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ასევე, დიდ ბრიტანეთში „ესექსის“ უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. მოგეხსენებათ, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ფართო გამოცდილება, ასევე, ფართო პოლიტიკური გამოცდილება, ასევე, უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შსს-ს აკადემიის ლექტორი, იყო ლექტორი და პედაგოგი სხვადასხვა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში. ასევე, არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა, მას ამ თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კობახიძემ.

გივი მიქანაძის თქმით, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია სარგებლობდეს მაღალი ნდობით და ხელძღვანელობდეს სამინისტროს, რომელიც თითოეულ „ჩვენგანთან და მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული“.

მისი თქმით, „მაქსიმალური მზაობა აქვს, რომ ნდობა, რომელიც მასთან მიმართებაში პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმაროს“.

„21-ე საუკუნეში განვითარება განათლების და მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში. ის მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული. მაქსიმალური მზაობა მაქვს, რომ ნდობა, რომელიც პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული ჩემთან მიმართებაში, საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოვახმარო და დღენიადაგ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო იყოს მაქსიმალურად წარმატებული, რადგან ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძე განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენამდე სადავო პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

2005 -2008 წლებში მას “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი, დროის ამ მონაკვეთში მინისტრი ექვსჯერ შეიცვალა.
2016 -18 წლებში იყო პოლიციის აკადემიის რექტორი.

2020 წლიდან არის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი და ორი მომწვევის პარლამენტის დეპუტატი.

2006 წელს მიღებული აქვს იუსტიციის პოლკოვნიკის, 2017 წელს კი პოლიციის პოლკოვნიკის წოდებები.
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადებას თავად წულაძე ავრცელებს.

„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას.

მინისტრობის პერიოდში, სამინისტროს თანამშრომლებთან, ერთად განათლების ყველა საფეხურის ხარისხის ზრდის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის, არაერთ ნოვატორულ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელთა ბოლომდე მიყვანას მჯერა, რომ ახალი მინისტრი უზრუნველყოფს.

მადლობა მსურს, გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან განათლების სისტემის განვითარებას და ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას.

მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგებს და სამთავრობო გუნდს, ვისთან ერთადაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთების შესაძლებლობა მქონდა“, – ნათქვამია წულაძის განცხადებაში, რომელსაც განათლების სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 2 ოქტომბერს, დაინიშნა. მანამდე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ალექსანდრე წულაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მას შემდეგ გადავიდა, რაც 2023 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის თანამდებობა დატოვა. ის მანამდეც საქმიანობდა სასამართლო ხელისუფლებაში.

2023/12-2024/08 წწ. – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 წწ. – იურიდიული კომპანია “CLL Law Firm-ის” მმართველი პარტნიორი;
2017-2019 წწ. – თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 წწ. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 წწ. – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 წწ. – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი.
ცნობისთვის, ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს, 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. წულაძე მანამდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძემ გიორგი ამილახვარი შეცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button