მნიშვნელოვანისიახლეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “გახარია საქართველოსთვის” 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მომზადდა შესაბამისი დადგენილების პროექტები, რომლებიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პარტიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარ სიაზე უარი არ უთქვამს და მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა, თუმცა, მისივე განმარტებით, პარტიის ეს წევრები პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდნენ.

რეგლამენტის მიხედვით, მომდევნო სესიის ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის მიმართ დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

“საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სულ 26 მორიგი სხდომა ჩატარდა, აქედან პარლამენტის ჩამოთვლილი წევრების მიერ გაცდენილ იქნა 26 მორიგი სხდომა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოავლენს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, შესაბამის დასკვნას ამზადებს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საქართველოს პარლამენტის 12 წევრის მიერ საგაზაფხულო სესიის 26 სხდომა გაცდენილ იქნა არასაპატიო მიზეზით, შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის აღნიშნულ წევრებს ვადამდე შეუწყდეთ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, დღის წესრიგში დგას პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ეს დეპუტატები არიან: თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, გიორგი გახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრების პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button