მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ ჩართულობით რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული 37 წლის გიორგი მოსიაშვილი გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გიორგი მოსიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრი გიორგი მოსიაშვილი 2023 წლის ბოლოს დააკავეს და „დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეწ. კაგებეს ცნობით, მოსიაშვილმა „განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, სინაგურის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე და განახორციელა წყლის ბიოლოგიური რესურსების უკანონო მოპოვება (ჭერა)“.

გიორგი მოსიაშვილს მისჯილი პატიმრობის ვადა ამოეწურა და „დადგენილი წესით გადასცეს ქართულ მხარეს“.

ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში პატიმრობაში რჩება საქართველოს 9 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button