კობახიძე და ყაველაშვილი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას რომელიც თბილისში აღინიშნება, არ ესწრებიან

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიებას, რომელიც თბილისში, საელჩოს ტერიტორიაზე დღეს, 2 ივნისს, ამ წუთებში აღინიშნება.
ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, რომ მისი მთავრობიდან მიღებას ესწრებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე. საელჩოში იმყოფება აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი დავით ზალკალიანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მათ შორის „ფედერალისტებიდან“ გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი.
საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თუმცა არა – „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე წელს 249-ედ აღინიშნება. გასულ წელს საელჩოში გამართულ მიღებას ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, თუმცა მას საზოგადოებისთვის სიტყვით არ მიუმართავს.
ბოლო წლებში წელს პირველად საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ისე აღინიშნება, რომ მას შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა.
2024 წლის 30 ნოემბრს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან მას შემდეგ აირია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა – ჯამში საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.