მარიხუანისა და კანაფის ფლობაზე, ან მოყვანაზე სასჯელები მკაცრდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომლის ამოქმედების შედეგად მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შესაბამისს საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებები განხორციელდა როგორც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.
მცირე ოდენობით კანაფის – 10 გრამამდე, მარიხუანას – გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლი – 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვის პირველი შემთხვევა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში – შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში 10 გრამიდან 150 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო უკანონოდ დამზადება, წარმოება, გადაგზავნა ან გადაზიდვა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე.
რაც შეეხება დიდი ოდენობით მცენარე კანაფის (155-დან 750 გრამამდე), მარიხუანას – გამომშრალის შემთხვევაში 70-დან 250 გრამამდე, ხოლო ნედლის შემთხვევაში 140-დან 500 გრამამდე, შეძენა-შენახვას გამოიწვევს 5-დან 8 წლამდე პასუხისმგებლობას, ხოლო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა და გადაგზავნა 6-დან 9 წლამდე.
განსაკუთრებულ დიდი ოდენობის შემთხვევაში, რაც გულისხმობ მცენარე კანაფის 750 გრამიდან და მეტს, მარიხუანას – გამომშრალი შემთხვევაში 50 გრამიდან და მეტს, ხოლო ნედლის შემთხვევაში 500 გრამიდან და მეტს, შეძენა-შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებულია მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კანონპროექტი დაამტკიცა.
როგორც ზაზა ლომინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ნარკომანიის ჩანაცვლების პროგრამა უფასო იქნება.
გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად თავის თავზე იღებს ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტს.
„საქართველოში ნარკომანიის ჩანაცვლების 40-ზე მეტი პუნქტი მოქმედებდა, სადაც ნარკოდამოკიდებული ადამიანები ამა თუ იმ მედიკამენტებს იღებდნენ. იცვლება ის, რომ ეს ყველაფერი კერძოდან სახელმწიფო სტრუქტურებში გადადის, სადაც ზედამხედველობას სრულიად სახელმწიფო განახორციელებს. ვისაც ამაში თანხის გადახდა უწევდა, მათთვის დადებითი ის არის, რომ პროგრამა უფასო იქნება. მკურნალობას ყველა ის ადამიანი დაექვემდებარება, ვისაც მედიკამენტები სჭირდება. ამას გარდა, სახელმწიფო სრულად თავის თავზე იღებს ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტს. შემდეგ რეალიზაცია სააფთიაქო ქსელში ისე მოხდება, როგორც აქამდე ხდებოდა. ამით კერძო და ფინანსური ინტერესები გამოირიცხება. იქნება სურათი იმის, რომ სახელმწიფოს უფლებამოსილებაში იქნება, როგორც მათი შემოტანა, ისე განაწილება და, რა თქმა უნდა, ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების მკურნალობა“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილეს და 82 ხმით მხარი დაუჭირეს.
საკითხი სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტსა და საბითუმო რეალიზაციაზე, ასევე ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული დაწესებულება.
მომხსენებელმა პარლამენტის წევრებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი და მეორე მოსმენის შემდეგ განიცადა და ძირითადად, კანონის ამოქმედების ვადას შეეხება.
კანონს ასევე დაემატა პუნქტები, რომლის თანახმად, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტის განხორციელების უფლება აქვს იმ იურიდიულ პირს, რომელიც სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარუდგენს ამ კანონის გამოქვეყნების თარიღამდე დადებულ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების შესყიდვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას.
“ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, სადაც თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი მოქალაქის ინტერესი დევს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, ნარკოტიკების გადაზიდვასთან, შემოტანასთან, რეალიზებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ეს კანონი მოემსახურება ქვეყნის კეთილდღეობას და მომავალ თაობებს”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
პარლამენტი დღეს, ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერის ორ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებს.
დეპუტატები ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. მთავრობის ინიციატივით, კერძო სექტორს ეკრძალება ჩანაცვლებითი პროგრამების განხორციელება, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია. ეს საქმიანობები მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
პარალელურად, დაჩქარებული წესით მიიღებენ იმ ცვლილებებსაც, რომლებიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
“პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რა თქმა უნდა, გაზიარებული იქნა “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის მიერ. შესაბამისი ცვლილებებიც ინიციირებულია ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ეხება ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანას, რომლის ექსკლუზიური უფლებამოსილება ექნება სახელმწიფოს და, ამავდროულად, კერძო, ჩანაცვლებითი თერაპიის საკითხებიც აღარ იქნება შესაძლებელი. შესაბამის პროცესს წარუძღვება მხოლოდ სახელმწიფო.
ამასთან, რიგი ცვლილებებია წარმოდგენილი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, “მარიხუანასთან” და მცენარე კანაფთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება. ეს არ ეხება მოხმარების ნაწილს. საკითხი ეხება გამკაცრების კუთხით შეძენა-შენახვას-კულტივაცია-გადაგზავნას,” – აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.