მოსამართლე გალუსტაშვილმა 21 წლის გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა გიორგი მინდაძეს, რომელსაც თბილისში პროდასავლურ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობდა.
განაჩენის გამოცხადებას ხმაური და პროტესტი მოყვა საქალაქო სასამართლოში. სხდომათა დარბაზის შემდეგ, შეძახილები სასამართლოს დერეფნებსა და ეზოშიც გაგრძელდა. იყო დაპირისპირება მანდატურებსა და გიორგი მინდაძის მხარდამჭერებს შორის.
შეგახსენებთ სწორედ გალუსტაშვილმა გამოუტანა მათე დევიძეს განაჩენი – 4 წელი და 6 თვე.
საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე. მან სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა, რომ „პიროვნება“, რომელმაც „აღნიშნული პიროტექნიკა“ წყლის ჭავლის მანქანას ესროლა და მისი ნასროლი კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციის დროს, გ.მ.-მ პიროტექნიკა ესროლა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იქ მდგარ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს ფეხის არეში მოხვდა და დამწვრობა მიიღო.
“ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს სხდომებზე გიორგი მინდაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ შმაგი ჯაჭვაძეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, თინათინ ნინიაშვილმა, სასამართლოში განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზისას, დაზიანება, სავარაუდოდ, ორი-ოთხი დღის ხანდაზმული იყო. ექსპერტი საუბრობდა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში დამწვრობითი სახის დაზიანებაზე.
დღეს, 3 ივლისს, საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა იყო. მანდატურებმა შენობის გარეთ გამოყარეს მინდაძის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილი.
თავდაპირველად განსაზღვრული მე-15 დარბაზის ნაცვლად, რომელიც შედარებით დიდია, სხდომა გადაიტანეს მე-10 დარბაზში, სადაც 25-მდე ადამიანი ეტევა. სასამართლოს შენობის შესასვლელ კართან და ეზოში პოლიციელები განლაგდნენ.
შეხლა-შემოხლის დროს სასამართლოს ფოიეში შეუძლოდ გახდა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა – ადგილზე სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მოგვიანებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით კლინიკაში გადაიყვანეს აქტივისტი ლადო ჯახუაც – როგორც ადგილზე მყოფი თვითმხილველები ჰყვებოდნენ, მას მანდატურები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი.
გიორგი მინდაძის დედამ ნანი წულაიამ, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, შესვენებისას, როცა მოსამართლე განაჩენის გამოსატანად იყო გასული, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან შვილის წერილი და ნახატი გამოიტანა.
წერილში გიორგი მინდაძე ყველას მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის.
“არ გავტყდეთ! ბიჭებს სჭირდებათ თქვენი დახმარება, მე მაგრად ვარ, თქვენც მარგად იყავით. არცერთ დაბადების დღეზე ასეთი სტუმრები ცხოვრებაში არ მეყოლებოდა”,- უთხრა სასამართლოს ეზოში შეკრებილ გულშემატკივრებს ნანი წულაიამ.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის გიორგი მინდაძე 1 დეკემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში დედასთან ერთად ბიძაშვილთან იყო სტუმრად, როდესაც დააკავეს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, რომელშიც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში, და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. თუმცა გამოძიების დაწყებიდან თითქმის შვიდი თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
ცნობისთვის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის გიორგი მინდაძისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოს ეზოში მინდაძის ოჯახის წევრები და მხარდაჭერები არიან შეკრებილები.
ისინი სკანდირებენ – “მონებო”, “ივანიშვილის მონებო”, “გალუსტაშვილი მონა”.
ასევე აქციის მონაწილეებმა შავი ფერის კვამლიც გაუშვეს, რომლებიც მათ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა წაართვეს.
მანდატურის სამსახური და პოლიცია ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს ტერიტორიას ძალისმიერი მეთოდებით ატოვებინებს.
ცნობისთვის, სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.