პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბარში უთხრა რომ ,,რუსეთი უკრაინასთან თავის მიზანს გრძელებს,,

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა სატელეფონო საუბრის დროს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და უკრაინის საკითხი განიხილეს.
უშაკოვის თქმით, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფლიქტის სწრაფად დასრულების აუცილებლობას, ხოლო პუტინმა საპასუხოდ ირწმუნება, რომ კრემლი აგრძელებს ომის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის ძიებას.
“რა თქმა უნდა, განიხილებოდა უკრაინული პრობლემატიკა. ტრამპმა კვლავ წამოაყენა სამხედრო ქმედებების რაც შეიძლება სწრაფად დასრულების საკითხი. პუტინმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონფლიქტის მოგვარების ძიებას”, – განაცხადა უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის თქმით, პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ რუსეთი “უკან არ დაიხევს მიზნებისგან, რომლებიც უკრაინული კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას უკავშირდება”.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, კრემლის ხელმძღვანელმა ტრამპს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღდმეგ ომში, რუსეთი თავისი მიზნების განხორციელებას გააგრძელებს.
“ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას, კერძოდ, იმ ძირითადი მიზეზების მოგვარებას, რამაც გამოიწვია არსებული სიტუაცია და არ დაიხევს უკან ამ მიზნებისგან”, – თქვა მან.
მისი თქმით, საუბრის დროს ასევე, განხილულ იქნა სირიაში, ირანსა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
უშაკოვის თქმით, საუბრის დროს პუტინმა ტრამპს აშშ-ის დამდეგი დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ “რუსეთს ბოლო როლი არ უთამაშია ამერიკული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში”.
ცნობილია, რომ ორ პრეზიდენტს შორის საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და უკრაინის ომის გარდა, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც შეეხო.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ქვეყნებს შორის ტრადიციული ღირებულებების პოპულარიზაციის შესახებ ფილმების გაცვლის შესაძლებლობა განიხილეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან საუბრის დაწყებამდე ესაუბრა რუსეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს. კერძოდ, ამ შეხვედრის დროს გაჟღერდა იდეა რუსეთსა და აშშ-ს შორის ისეთი ფილმების გაცვლის შესახებ, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან ტრადიციულ ღირებულებებს“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვის თქმით, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს იდეა ძალიან მოეწონა.
შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, საუბარი დაახლოებით ერთს საათს გაგრძელდა.