ეუთო სირიას მოუწოდებს „გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“

დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას,
მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ სტაბილური, ერთიანი და ფართოდ წარმომადგენლობითი სირიის მთავრობის ფორმირებას, რომელიც მშვიდობიანად იარსებებს მეზობლებთან და უზრუნველყოფს ყველა სირიელის უსაფრთხოებას, თავისუფლებას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, და მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების – „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”, – წერია დოკუმენტში.
კერძოდ, ვრცელი, 219-პუნქტიანი დეკლარაციის 68-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას:
„გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
გაიწვიოს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომლებიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.
პორტოს დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ პორტოს დეკლარაციაში ცალკე თავი ეთმობა საქართველოს შესახებ რეზოლუციას.მცირე ხნით ადრე, 25 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა სირიაში. დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლდა მოადგილე ირაკლი ტუჟბა.
მანამდე, 18 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.
ერთი თვით ადრე კი, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, – რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, – ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.
დღეს მიღებული დეკლარაციით, ასევე, საქართველოზე ცალკე მიღებული რეზოლუციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო“ – „საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.
დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა“ და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.